Aa
Aa

2006 წლის შემდეგ პირველად - ბრუკლინის ზედიზედ მერვე და ბრწყინვალე ჰარდენი

„ბრუკლინ ნეთსმა“ მორიგი გამარჯვება იზეიმა და საკუთარ კედლებში „ორლანდო მეჯიქი“ დაამარცხა. ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს, რომელიც კვლავინდებურად კევინ დურანტის გარეშე ასპარეზობს, მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია, მეორე მეოთხედიდან მოყოლებული კომფორტულ უპირატესობას ფლობდა და 129-92 იმარჯვა.

„ბრუკლინმა“ ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო და ამაზე კარგი სერია 2006 წლის შემდეგ არ ჰქონია. გარდა ამისა, „ნეთსმა“ მიმდინარე სეზონში მინიმუმ 120 ქულა მეოცედ ჩააგდო და საკუთარი რეკორდის გასამეორებლად, რომელიც 2018-19 წლების რეგულარულში დაამყარა, სულ რაღაც 34 მატჩი დასჭირდა.

„ბრუკლინის“ წარმატების მთავარი შემოქმედები ჯეიმს ჰარდენი და კაირი ირვინგი იყვნენ. ამ უკანასკნელმა აქტივში 27 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. ჰარდენმა კი 20 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტი გააკეთა. „წვერა“ NBA-ის ისტორიაში მეორე კალათბურთელია, რომელიც ერთი გუნდის მაისურით გამართულ პირველ 20 შეხვედრაში საშუალოდ სულ მცირე 20 ქულასა და 10 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

„ორლანდოს“ დამარცხების შემდეგ, „ბრუკლინს“ 22 მოგება და 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. „ნეთსი“ მხოლოდ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიქსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები