Aa Aa
24 თებერვალი 2021  |  02:40

ლაციო VS ბაიერნი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მიუნხენის „ბაიერნი“ მეტოქეების განადგურებას განაგრძობს. „რეკორდმაისტერის“ მორიგი მსხვერპლი „ლაციო“ აღმოჩნდა, რომელსაც გერმანულმა გრანდმა სტუმრად 4-1 მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.

მიუნხენელებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს და რობერტ ლევანდოვსკის გოლით დაწინაურდნენ. 15 წუთში თავი მუსიალამ გამოიჩინა და „ბაიერნის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 42-ე წუთზე „ლაციალეს“ კარი ლეროი სანემ დალაშქრა და „რეკორდმაისტერმა“ პირველი ტაიმი 3-0 მოიგო. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. აჩერბის ავტოგოლს, კორეას მიერ შეგდებული პრესტიჟის ბურთი მოჰყვა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1-4.

მნიშვნელოვანი ფაქტები

„ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, „რეკორდმაისტერის“ თავკაცის პოსტზე 15 მატჩი აქვს გამართული და არცერთხელ დამარცხებულა - 14 მოგება, 1 ფრე. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლუის ვან გაალს აქვს - 14 მოგება და 5 ფრე. მაშინ ნიდერლანდელი სპეციალისტი „აიაქსს“ წვრთნიდა.

„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. მიუნხენელებმა ამ ტურნირზე ზედიზედ მე-17 გასვლითი მატჩი არ წააგეს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიღწევა გააუმჯობესეს.

„ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 18 მატჩიდან არცერთი წაუგია და 17-ჯერ იმარჯვა. „რეკორდმაისტერი“ ბოლოს 2019 წლის მარტში, „ლივერპულთან“ დამარცხდა.

ჯამალ მუსიალა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გერმანული კლუბის მაისურით გოლი გაიტანა. მან „ლაციოს“ კარი 17 წლისა და 363 დღის ასაკში აიღო. ამასთან, მუსიალაზე ადრეულ ასაკში ლიგაზე გოლი მხოლოდ ბოიან კრკიჩმა შეაგდო.

რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე გოლი გაიტანა და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში რაულს გადაუსწრო. პოლონელი მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ჩამორჩება.

ჯოშუა კიმიხს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული საწყისი 50 შეხვედრიდან მოგებული 38 აქვს, რაც ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ

„ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული ტურნირია, განსაკუთრებით ბაიერნის ფეხბურთელებისთვის. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი გახლდათ, რომ პირველივე წუთიდან უაღრესად კონცენტრირებული ვყოფილიყავით. როგორც ხედავთ, ყველა მოთამაშე მზად იყო და მოწადინებული გახლდათ, რომ უმაღლეს დონეზე ეასპარეზა.

დღეს, მოლოდინი ყველა მათგანმა გაამართლა. ძალიან კარგი და გუნდური თამაში ვაჩვენეთ და გვინდოდა, მეტოქეზე წნეხი პირველივე წუთებიდან მოგვეხდინა. ბურთს მალევე ვიბრუნებდით, მომენტები გამოვიყენეთ და შედეგით კმაყოფილნი ვართ. ბაიერნის მთავარი პრიორიტეტი მეოთხედფინალში გასვლაა. ამისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ ერთი მატჩია“.

რა თქვა ინძაგიმ მატჩის შემდეგ

„მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ ზედმეტად დაძაბულნი ვიყავით და 4-დან 3 გოლი პრაქტიკულად ჩვენ გავიტანეთ. მსაჯს პენალტი რომ დაედო და ანგარიში 1-1 გამხდარიყო, მატჩი სხვა სცენარით განვითარდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ სასარგებლოდ არაფერი მომხდარა. ამ შეხვედრისგან შეგვიძლია კარგი გაკვეთილი მივიღოთ, რაც გაზრდაში და მომავალში უფრო ძლიერ გუნდად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელები იმედგაცრუებული არიან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ეტაპამდე მოვედით, ჩვენთვის უდიდესი მიღწევაა. ასეთ შეხვედრებში სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად საჭიროა, 100 პროცენტით მზად იყო, უშეცდომოდ ითამაშო და იმედოვნო, რომ მოწინააღმდეგე თავისი თავის საუკეთესო ვერსიას ვერ აჩვენებს.

ვიცოდით რა დონის მეტოქეს ვეთამაშებოდით. ბაიერნი მსოფლიო ჩემპიონი და დღესდღეობით ალბათ, საუკეთესო კლუბია. დარწმუნებული ვარ, მათ საქმის გამარტივება და ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები ნამდვილად არ სჭირდებოდათ.

არავინ ამბობს, რომ ბაიერნი გამარჯვებას არ იმსახურებდა, მაგრამ მომენტები ჩვენც შევქმენით. ბურთი შევაგდეთ და შანსებიც საკმარისად გვქონდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, 4-დან 3 გოლი პრაქტიკულად ჩვენ გავიტანეთ და ამ დონეზე ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში