„არ გვიბრძოლია, ქართველ ქომაგს ბოდიშს ვუხდით
Aa
Aa

„არ გვიბრძოლია, ქართველ ქომაგს ბოდიშს ვუხდით" - შერმადინისა და ზუროსის კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერმადინმა სერბეთთან გამართული მატჩი შეაფასეს.

შერმადინი: „სერბებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ შესანიშნავად იასპარეზეს, დიდი ანგარიშით დაგვამარცხეს და დამსახურებულად მოიგეს. ჩვენ რაც შეგვეხება, ვფიქრობ, ზედმეტად მოდუნებულებმა ვითამაშეთ და ამხელა სხვაობით სწორედ ამიტომ დავმარცხდით. წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და ფინეთს შევხვდებით.

მომდევნო შეხვედრაში დაცვაში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც გვჩვევია. დღეს დაცვის გარეშე ვიასპარეზეთ და სერბებმა ქულები მარტივად ზუსტად ამიტომ დააგროვეს, რაც ჩვენთვის დიდი პრობლემაა. მათ ბევრი სამქულიანი ჩააგდეს და ამ მხრივ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოირჩნენ“.

ზუროსი: „პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სერბებმა ბევრად უკეთ იასპარეზეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მათ კონცენტრაცია არ აკლდათ და აგრესიულად და ჭკვიანურად ითამაშეს. მეტოქემ გამარჯვება და ევრობასკეტის საგზური ნამდვილად დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, მატჩის წინ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტზე თამაში გარანტირებული გვაქვს, მაინც ბოლომდე უნდა გვებრძოლა და მოწინააღმდეგისთვის კონკურენცია გაგვეწია. ჩემი კალათბურთელები მიყვარს, მათი მჯერა, მაგრამ დღეს საერთოდ არ გვიბრძოლია.

პირველი, რაც პარკეტზე ყოფნისას უნდა გააკეთო, ბოლომდე ბრძოლაა. თითოეული შეტევისას უნდა იბრძოლო და დაცვაში მაქსიმალურად კარგად თამაშს ეცადო. დღეს ეს არ გაგვიკეთებია. კონცენტრაცია საერთოდ არ გვქონია და თავი არაფრით გამოგვიჩენია. 

იმედი მაქვს, კონერ ფრენკემპი ჯანმრთელი იქნება და ფინეთთან დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებს. გვინდა, მთელი გუნდის სახელით ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ, რადგან იმ სურათს, რომელიც ამ მატჩში იხილეთ, საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს. აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვამბობ, რომ ქართველები ლომებივით იბრძვიან. დღეს ასე არ ყოფილა. დღეს პარკეტზეც არ ვყოფილვართ და ბრძოლაზე ხომ საუბარი ზედმეტია. 

სერბებმა მეოთხე მეოთხედში 27 ქულა ჩააგდეს. მათ მეორე ნახევარში 14-დან 11 სამქულიანი გამოიყენეს, რაც ნიშნავს, რომ დაცვაში ფაქტობრივად არ გვითამაშია და არ გვიბრძოლია. დაცვაში მთავარი ბრძოლაა და სათამაშო სქემა მხოლოდ ამის შემდეგ მოდის.

კალათბურთში ასეთი რამ ხდება. ძალიან ცუდი დღე იყო და ჩვენთვის კარგია შედეგს მნიშვნელობა რომ არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ ყველა მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებული შევხვდეთ და საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 21 თებერვალს გამართავს და ფინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები