Aa Aa
19 თებერვალი 2021  |  20:52

პირველი წაგება ჯგუფურ ეტაპზე - საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ სტადიაზე მე-5 შეხვედრა გამართა და თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. სანამ მატჩის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჩიკო ნიჟარაძემ და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ შეასრულეს.

დაპირისპირებას რაც შეეხება, შეხვედრა ჩვენთვის მძიმედ დაიწყო, 4 ჯარიმა სწრაფად მივიღეთ, დაკარგვებიც გვქონდა და საწყისი 5 წუთის განმავლობაში მხოლოდ 2 ქულა ჩავაგდეთ. შეტევების წარმატებით დასრულება სერბებსაც უჭირდათ, თუმცა ქულები საჯარიმო სროლებით აიღეს და 11-2 დაწინაურდნენ, რასაც ზუროსის ტაიმაუტი მოჰყვა. წუთშესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები 8-2 გაიქცა და პირველი მეოთხედი სერბების 3-ქულიანი გამარჯვებით - 10-13 დასრულდა.

მეორე ათწუთეული იმავე სცენარით დაიწყო და შეტევაში ორივე გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ზუროსის გუნდი მეოთხედის სტარტზე უკეთ გამოიყურებოდა, 6-2 გაიქცა და წინ პირველად გაიჭრა - 16-15, რის შემდეგაც სერბთა თავკაცის მოვალეობის შემსრულებელმა, მილოიევიჩმა ტაიმაუტი აიღო. წუთშესვენებას მათი ორქულიანები მოჰყვა, სტუმრებმა ლიდერობა დაიბრუნეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ - 31-37.

მეორე ტაიმი სერბების უპირატესობით დაიწყო და ზედიზედ 3 3-ქულიანი მივიღეთ, რასაც კონერ ფრენკემპის ტრავმა დაერთო, რომელმაც ფეხი დაიზიანა და პარკეტზე აღარ დაბრუნებულა. მესამე მეოთხედში სტუმრებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს და გადამწყვეტ პერიოდს კომფორტული უპირატესობით შეხვდნენ - 65-51.

მეოთხე მეოთხედში სერბებმა ზუროსის შეგირდებს თამაშში გარდატეხის შეტანის საშუალება არ მისცეს და დამაჯერებლად იმარჯვეს - 92-66.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. დუდა სანაძე 15 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. კონერ ფრენკემპმა და ბექა ბურჯანაძემ კი 10-10 ქულა ჩააგდეს.

სერბეთს 27 ქულით ფილიპ პეტრუშევმა ულიდერა. დანილო ანდიუსიჩმა 22 ქულა მიითვალა. ნიკოლა რებიჩმა კი მატჩი 11 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 21 თებერვალს გამართავს და ფინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage