„NBA-ის გუნდების ყურადღებას მიიპყრობს
Aa
Aa

„NBA-ის გუნდების ყურადღებას მიიპყრობს" - მამუ 2021 წლის დრაფტის საუკეთესო 50-ეულშია

ამერიკულმა სპორტულმა ვებგვერდმა, ftw.usatoday.com-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტს სტატია მიუძღვნა და ის პერსპექტიული კალათბურთელები დაასახელა, რომლებსაც სავარაუდოდ დრაფტზე აიყვანენ.

ftw.usatoday.com-ის სიაში სანდრო მამუკელაშვილიც მოხვდა. „მამუ“ 48-ე ადგილზეა გამწესებული და სტატიის ავტორი მის დახასიათებასაც გვთავაზობს: „საქართველოში დაბადებულმა სანდრო მამუკელაშვილმა სეტონ ჰოლის რიგებში წლიდან წლამდე მოუმატა. მიმდინარე სეზონში იგი საშუალოდ 18.4 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებს და ორივე მაჩვენებლით კონფერენციის ლიდერთა შორისაა.

მიუხედავად ამისა, მამუკელაშვილს მის არსენალში არსებული სხვა იარაღები გამოარჩევს. მაგალითად: იგი მზადაა, მოწინააღმდეგის დაცვა გაწელოს და 3-ქულიანის მსროლელის ფუნქციები შეითავსოს. გარდა ამისა, სანდროს შეუძლია, პოზიციური შეტევისას მეორე ფლეიმეიქერის როლი მოირგოს.

მამუკელაშვილი მისი გაბარიტებისთვის საშუალოზე მაღალი დონის მეპასეა და ზოგადად, ცენტრის ან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე კალათბურთელისთვის მოედნის კარგი ხედვა აქვს. მისი სიმაღლის მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ დრიბლინგი განახორციელონ და თანაგუნდელებსა და თავიანთ თავს სასროლი პოზიცია შეუქმნან, NBA-ის გუნდების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობენ“.

ცნობისთვის, 2021 წლის დრაფტზე 48-ე ნომრად „ოკლაჰომა სითი თანდერი“ აირჩევს, nbadraft.net კი საკუთარ პროგნოზს არ ცვლის და ვარაუდობს, რომ „მამუს“ 58-ე ნომრად გოგა ბითაძის „ინდიანა“ აიყვანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები