ბერიშვილის ორმაგი დუბლი - ქართველი კალათბურთელი ფინალში გავიდა
Aa
Aa

ბერიშვილის ორმაგი დუბლი - ქართველი კალათბურთელი ფინალში გავიდა

სასიამოვნოდ მოულოდნელი გამოდგა ყატარის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა საკმაოდ იოლად – 97:75 დაამარცხა ალ არაბი და ფინალში გავიდა. მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ ალ არაბიმ რეგულარული ჩემპიონატი ბერიშვილის გუნდზე მაღალ საფეხურზე, მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალშიც ფავორიტად ითვლებოდა. ალ შამალის ასეთ იოლ გამარჯვებას კი ალბათ ბევრი არ ელოდა. 

შეხვედრა ალშამალელთათვის იმდენად კომფორტულად წარიმართა, რომ მწვრთნელს ბერიშვილი დიდად არ დაუტვირთავს და მან მოედანზე მხოლოდ 25:17 წუთი გაატარა. თუმცა ჩვენებურს ორმაგი დუბლის შესასრულებლად ეს დროც ეყო. ბერიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულას 10 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არ დუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (24) მხრივ კი, მხოლოდ ვაელ არკაჯის (32) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ ბერიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ცნობილია, რომ ფინალში ალ შამალის მეტოქე ალ გარაფა იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ალ სადს 89:77 სძლია. ფინალური შეხვედრა კვირას, 24 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები