Aa
Aa

"დაცინვას მოტივაციისთვის ვიყენებ", - მვუმბი ინტერნეტბულინგზე საუბრობს

ეგვიპტეში მიმდინარე ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა ინტერნეტსივრცეში დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების წარმომადგენლის გოტიე მვუმბის დამსახურებაა.

გამორჩეული გაბარიტების (110 კგ.) მქონე მვუმბის თამაშმა მთელი სპორტული სამყარო აალაპარაკა.

სოციალურ ქსელებში მვუმბი გამოჩენისთანავე დაცინვის ობიექტი გახდა. კონგოელ სპორტსმენს კიბერბულინგის ქარიშხალმა გადაუარა, თუმცა მას მყარი მენტალიტეტი აღმოაჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა ჩინებულად ითამაშა და ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

აღნიშნულ ბულინგთან დაკავშირებით გოტიე მვუმბიმ პრესასთან ისაუბრა:

„ინტერნეტში დიდ დროს არ ვატარებ, თუმცა ვიცი, რომ იქ ჩემი მისამართით უამრავი დამცინავი პოსტია. ეს ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც ნახეს და მათ ძალიან განიცადეს. მე, ამ ყველაფერს მოტივაციისთვის ვიყენებ.

ეს ყველაფერი უფრო მეტ ძალას მმატებს. ასეთი დონის ტურნირზე პირველად ვთამაშობ, თუმცა შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობ. მათაც ჩვენ მსგავსად ორი ხელი და ფეხი აქვთ. უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ და ჩვენი ხალხი გავახაროთ“. - თქვა მვუმბიმ.

მვუმბის ქომაგებმა ინტერნეტსივრცეში ფრენბურთის "შაკი" შეარქვეს. ამ ფაქტს კი ლეგენდარული კალათბურთელი გამოეხმაურა და მვუმბის მიმართა:

"ამბობენ რომ ფრენბურთის შაკი ხარ... რა ხდება?"

მვუმბიმ შაკილ ო'ნილს ინსტაგრამიდან უპასუხა:

View this post on Instagram

A post shared by @gauthiermvumbi

19 იანვარს კონგომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა გამართა. აფრიკელები ბაჰრეინს დაუპირისპირდნენ და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ 34-27 დამარცხდნენ.

მვუმბიმ შესანიშნავად იასპარეზა და 5 გოლი გაიტანა. მას გარჯა დაუფასდა და მარცხის მიუხედავად, იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მვუმბიმ მხოლოდ 8 წუთი და 59 წამი ითამაშა, მაგრამ მაინც საკმაოდ პროდუქტიული იყო და 5-დან 5 დარტყმა გამოიყენა. სათქმელია ისიც, რომ მვუმბიმ მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ 3 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და ამისთვის 14 დარტყმა დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები