Aa Aa
13 იანვარი 2021  |  00:27

პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში - შეფილდ იუნაიტედმა ნიუკასლი დაამარცხა

„შეფილდ იუნაიტედის“ საშინელი სერია „ნიუკასლთან“ შეხვედრაში შეწყდა. პრემიერ ლიგის მე-18 ტურში „ხანჯლებმა“ პირველი გამარჯვება იზეიმეს და „კაჭკაჭებს“ მინიმალური ანგარიშით სძლიეს.

„შეფილდს“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონი 20 მატჩი არ ჰქონდა მოგებული, რაც კლუბის ანტირეკორდი იყო და კრის უაილდერის ბიჭებმა როგორც იქნა საკუთარი გულშემატკივრების გახარება მოახერხეს. „ხანჯლების“ მხრიდან ერთადერთი გოლი ბილი შარპმა შეაგდო, რომელმაც 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

„ნიუკასლმა“ მატჩი საშინლად ჩაატარა. „კაჭკაჭები“ პრემიერ ლიგის აუტსაიდერთან გამოკვეთილ მეორე ნომრად თამაშობდნენ და 45-ე წუთზე, მსაჯის მიერ ფრეიზერის გაძევების შემდეგ მეტოქეს უფრო ღრმა დაცვა შესთავაზეს. „შეფილდმა" ღირსეულად იმარჯვა და ქომაგებს პრემიერ ლიგაში დარჩენის იმედი ჩაუსახა.

„ნიუკასლთან“ მოგების შემდეგ, „შეფილდს“ 5 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე მყოფ „ბრაიტონს“ 9 ქულით ჩამორჩება. უაილდერის ბიჭებს მომდევნო შეხვედრაში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და საკუთარ კედლებში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში