''როცა გუნდში კანკავაა, 19 წლის ბიჭი ლიდერობაზე ვერ ვიფიქრებ'' - კვარაცხელიამ ნაკრებზე ისაუბრა
Aa
Aa

''როცა გუნდში კანკავაა, 19 წლის ბიჭი ლიდერობაზე ვერ ვიფიქრებ'' - კვარაცხელიამ ნაკრებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ''რუბინის'' 19 წლის შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში ''ტაიმაუტი'' საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი აზრით მაკედონიასთან მარცხის უპირველესი მიზეზი ქომაგის გარეშე თამაში იყო.

ხვიჩა კვარაცხელია: ''ქომაგის გარეშე თამაში რთულია. მაკედონიასთან მატჩში გულშემატკივრები ძალიან დაგვაკლდნენ.

როცა გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავაა, არ შეიძლება 19 წლის ბიჭმა ვიფიქრო, რომ გუნდის ლიდერი ვარ. ვუყურებდი გამოცდილ ფეხბურთელებს, მათგან ვსწავლობდი და ვაკეთებდი იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს.

ეროვნული ნაკრებისთვის თამაში დიდი პასუხისმგებლობაა.

იყო დრო, როცა ქართველ ქომაგებთან ერთად ტრიბუნაზე ვიჯექი და ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებდი და როცა ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს, ეს ოცნების ახდენა იყო.

როცა ეროვნულ ნაკრებში პირველ თამაშს ვატარებდი, დაუჯერებელი იყო. არ მჯეროდა, რომ ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.

როცა 3 და 4 თვე გარეთ არ გადიხარ და სანაკრებო მატჩისთვის ემზადები, თუმცა მატჩამდე ირკვევა, რომ ინფიცირებული ხარ, ეს შოკია. ოთახში მარტო ვიყავი და ვფიქრობდი მატჩზე, რომელშიც მონაწილეობას ვერ ვიღებდი''.

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. "დინამო არენაზე" მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა, თანაგუნდელთა სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით გორან პანდევმა დაასრულა. ამ გამარჯვებით სტუმრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს, ქართველებმა კი ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას ფინალურ მატჩში არ უთამაშია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული იყო.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები