ქართველები ყატარში - ბერიშვილი და სანაძე თავიანთ გუნდებში საუკეთესოები არიან
Aa
Aa

ქართველები ყატარში - ბერიშვილი და სანაძე თავიანთ გუნდებში საუკეთესოები არიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ბერიშვილი ამჯერად დიდი ციფრებით არ გამოირჩა, თუმცა ორმაგ დუბლს შესწვდა და რაც მთავარია, მისმა გუნდმა მორიგ გამარჯვებას მიაღწია.

"ალ ვაკრასთან" მოგებულ 64:59 მატჩში ბერიშვილმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მიშამ 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ალ შამალს" 6 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ "ალ არაბისა" და "ალ გარაფას" ჩამორჩება. ბერიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს სწორედ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთ "ალ არაბისთან" ჩაატარებს.

დუდა სანაძის გუნდი კი ყატარის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია. ქართველი მსროლელი ძალიან შედეგიანი კია, მაგრამ მას თანაგუნდელები სათანადოდ მხარს ვერ უბავენ და “ალ ხორიც” ერთადერთი გამარჯვებით ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა.

სანაძის გუნდის მორიგი მეტოქე "ალ სადი" გახლდათ, რომელთანაც შეხვედრა 86:112 დათმო. დუდა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და კვლავაც შეუცვლელად ითამაშა. დუდამ 40 წუთის განმავლობაში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 13-დან 10 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ამერიკელ ქუინტრელ ტომასს (31) ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. ალ სადს ასევე 30 ქულით 36 წლის ბერძენმა კალათბურთელმა კოსტას ვასილეადისმა ულიდერა, რომელსაც კარიერის განმავლობაში "პაოკის", "უნიკახას", "ობრადოიროს", "ბილბაოს", "ანადოლუ ეფესის", "აეკისა" და "იბეროსტარ ტენერიფეს" რიგებშიც უთამაშია.

შემდეგ მატჩს ალ ხორი 30 დეკემბერს, "ალ აჰლისთან" გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები