ლუის ვენტურა იტყუება? - მარადონას კოლოსალური ქონება დარჩა
Aa
Aa

ლუის ვენტურა იტყუება? - მარადონას კოლოსალური ქონება დარჩა

25 ნოემბერს მსოფლიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ჟურნალისტ ლუის ვენტურას ლეგენდარულ არგენტინელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ. ვენტურას თქმით მარადონა სიღარიბეში გარდაიცვალა. მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

გამოცემა Clarin კი სულ სხვა რამეს გვეუბნება. ხსენებულმა საიტმა დიეგო მარადონას დაგროვებულ და სიცოცხლის განმავლობაში გამომუშავებულ ქონებაზე ვრცელი სტატია დაწერა.

ვიგებთ, რომ სიკვდილამდე მარადონას ქონება დაახლოებით 75-დან 100 მილიონ დოლარამდე შეადგენდა. დიეგოს ბუენოს-აირესში და მის გარშემო 5 უძრავი ქონება ჰქონდა, ასევე 5 ავტომობილიც ჰყავდა. მათ შორის FERRARI F-40

ცნობილი არ არის, მაგრამ მარადონას იტალიაში, კუბაში და ვენესუელაში სხვადასხვა სახის ქარხნები ჰქონდა. დუბაიში ინახავდა ატვომობილებს, რომელთა ფასიც ჯამში ნახევარ მილიონ ევროს უტოლდება. 

როდესაც დიეგო ბრესტის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტი გახდა, მას სატვირთო Hunta Overcome აჩუქეს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. კლუბმა მარადონას 300 000 ევროიანი ბრილიანტის ბეჭედიც უსახსოვრა.

გარდაცვალებამდე ლეგენდარულ არგენტინელს "პუმასთან", "კონამისთან" და EA SPORTS-თან სარფიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. აქედან კი დიდ შემოსავალს იღებდა. ბოლო პერიოდში კი დიეგო "ხიმნასია ლა პლატას" მთავარი მწვრთნელი იყო.

1982 წელს "ფიატმა" დიეგოს იმ წლის გამოშვების მოდელი აჩუქა. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისი საახალწლო საჩუქარი.

მარადონა იტალიაში ასპარეზობის დროს მთავრობასთან მუდმივ კონფლიქტში იყო. მიზეზი დაწესებული გადასახადები გახლდათ. მისი მოგების გარკვეული ნაწილი სპეციალურ გადასახედებში მიდიოდა, რის გამოც არგენტინელი უკმაყოფილო იყო და პროცენტების დაწევას ითხოვდა. გამოცემა Express იუწყება, რომ არმანდომ დაახლოებით 44 მილიონი დოლარი დაუმალა სახელმწიფოს და გადასახადები არ გადაიხადა. ამის გამო მას ხშირად სასამართლოშიც კი ხედავდნენ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მარადონას სასიკეთოდ დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არგენტინელს ვერაფერი დააკლო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ მას 10 000 ევროს ოდენობის ქონება ჩამოართვა. არ სახელდება თუ რა სახის ქონებაზეა საუბარი. 2009 წელს კი სამართალდამცავებმა გადასახადების დაფარვის მიზნით, მარადონას 3600 ევროს ღირებულების საყურეები ჩამოართვეს. ერთი სიტყვით, ფეხბურთის ღმერთს იტალიაში პრობლემები მრავლად ჰქონდა.

2016 წელს დიეგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ყველა დავალიანება 2003 წელს დაფარა და პოლიცია მას უკანონოდ და უსამართლოდ ართმევს გარკვეული სახის ნივთებს.

"დორადოს დე სინალოაში" მწვრთნელობისას, 60 წლის ვარსკვლავმა 1 წლის განმავლობაში 1.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2010 წელს დიეგომ დაუფიქრებლად გადარიცხა 500 000 დოლარი არგენტინის ბავშვთა საქველომოქმედო ფონდში, რათა მათ ბევრი საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები ჰქონოდათ.

გამოცემა Timesnownews იტყობინება, რომ მარადონამ "ნაპოლიში" თამაშისას ჯამში 10 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა. ეს ინფორმაცია კი იმ დროისთვის ცნობილი არავისთვის იყო. 

1982 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიეგო მარადონა "კოკა კოლის" სახეც გახდა და წლების განმავლობაში კომპანიისგან სოლიდურ თანხას იღებდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე რთულად დასაჯერებელია ლუის ვენტურას სიტყვები, თითქოს მარადონა ღარიბი გარდაიცვალა და არანაირი ქონება აღარ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები