''ხვიჩას შეუძლია ევროპაში საუკეთესო გახდეს'' - თეთრაძის აზრით საქართველო ტალანტების ქვეყანაა
Aa
Aa

''ხვიჩას შეუძლია ევროპაში საუკეთესო გახდეს'' - თეთრაძის აზრით საქართველო ტალანტების ქვეყანაა

იტალიური ''რომას'' ექს-ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ რუსულ მედიასთან ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვრცელი ინტერვიუდან კვარაცხელიას შესახებ გაკეთებულ კომენტარს გთავაზობთ.

ომარ თეთრაძე Sports.ru-ს ესაუბრა.

''საქართველოში საფეხბურთო ტალანტები ყოველთვის იყვნენ, საქართველო ნამდვილი საფეხბურთო ქვეყანაა. მართალია სისტემა, რომელიც 100%-ით მუშაობდა საბჭოთა კავშირის მთავრობის დროს, დღეს რთულ პერიოდს გადის, თუმცა საქართველოში კვლავ იზრდებიან ტალანტები. საქართველო ბრაზილიის ანალოგია კავკასიის რეგიონში.

კვარაცხელიას თამაშს დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ვფიქრობ, რომ ის რუსეთში ყველაზე ნიჭიერი და მრავალმხრივი ტალანტია. მას შეუძლია თამაში მარტომ გადაწყვიტოს. ერთადერთი რაც მან უნდა დახვეწოს პასის კულტურაა. მისი მომავალი ადვილად განსაჭვრეტია, ის არამარტო ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი გახდება, არამედ მას შეუძლია ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარონ.

ვარსკვლავებად არ იბადებიან, ვარსკვლავები შრომით ხდებიან, რასაც თან ნიჭიც უნდა ახლდეს.

არ მესმის ''ლოკომოტივის'' ხელმძღვანელებმა კვარაცხელია როგორ გაუშვეს, მათ დიდ ტალანტზე უარი თქვეს. მათ ადგილზე ასე არასდროს მოვიქცეოდი''.

რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ ტურში ყაზანის ''რუბინმა'' შინ ტულას ''არსენალი'' 3:1 დაამარცხა. მესამე გოლისას საგოლე პასი კვარაცხელიამ შეასრულა. ქართველმა შემტევმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

InStat-ის სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კვარაცხელია ევროპის 35 საფეხბურთო ჩემპიონატის 21-წლამდე ფეხბურთელების საუკეთესო სამეულშია. მას მხოლოდ ''ლილის'' ფეხბურთელი სვენ ბოტმანი და პსჟ-ს მოთამაშე მიტჩელ ბაკერი უსწრებენ, რაც ცხადია ძალიან კარგი მაჩვენებელია.

 

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. 

შეგახსენებთ, რუსული და იტალიური მედიის ცნობით კვარაცხელიას გადაბირება დორტმუნდის ''ბორუსიასა'' და იტალიურ ''ტორინოს'' სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები