''არ მოხდა ისე, როგორც წარმომედგინა'' - ხარაიშვილის უიღბლო სეზონი და ძალიან კარგი მატჩი
შვედური ''გიოტებორგის'' ქართველი ლიდერი გიორგი ხარაიშვილი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა ტრავმის შემდეგ პროგრესირებს, მან ''იორებროსთან'' კარგი მატჩი ჩაატარა. შვედეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ''საბურთალოს'' აღზრდილი აქტიური იყო, ერთ ეპიზოდში მის შესრულებულ კუთხურს გოლიც მოჰყვა, თუმცა არბიტრმა თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა.
თუ არ ჩავთვლით ''იორებროს'' მეკარეს, Sofascore-მა ყველაზე მაღალი შეფასება ქართველ ფეხბურთელს დაუწერა - 8.5. მან. ე.წ. ''ქი'' პასი ხუთჯერ შეასრულა.
ხარაიშვილის საუკეთესო მომენტები
გიორგი ხარაიშვილი შვედურ Expressen-ს ესაუბრა. მისი თქმით მიმდინარე წელს კარიერულ პროგრესს გეგმავდა, თუმცა ტრავმების გამო 7 კვირა გაუცდა და მისი ტრანსფერი არ შედგა.
''ვფიქრობდი, რომ მიმდინარე წელს კარიერაში დიდ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც წარმომედგინა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია დარჩენილი მატჩები მაღალ დონეზე ჩავატარო. იმედი მაქვს პროდუქტიული ვიქნები, თუმცა უპირველესი გუნდური წარმატებაა.
ტრავმის გამო 7 კვირა გამიცდა. რაც ფეხბურთს ვთამაშობ, 7 კვირის განმავლობაში ფეხბურთის გარეშე ყოფნა პირველად მომიხდა, ეს იყო ჩემი უთამაშებლობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი. გარდა ამისა, გაზაფხულზე კორონავირუსის გამო გარკვეული პერიოდით ჩემპიონატი შეწყდა''.
მიმდინარე სეზონში შვედეთის ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილმა 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. ასევე, შვედეთის თასის გამარჯვებული გახდა, თუმცა ფინალში ტრავმის გამო არ უთამაშია.
26 ტურის შემდეგ შვედეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 24 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.