მანჩესტერული ტრიუმფი - ამორიმი და მბემო საუკეთესონი არიან
ინგლისის პრემიერლიგის როგორც თვის საუკეთესო მწვრთნელად, ასევე საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენელი დასახელდა. პირველ ნომინაციაში რუბენ ამორიმმა გაიმარჯვა, ხოლო თვის MVP-ის პრიზი ბრიან მბუემომ მოიგო.
პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ ოქტომბერში სამივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, რაც 2024 წლის ნოემბრის, ანუ მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ არ მომხდარა. „ალისფერმა ეშმაკებმა“ „სანდერლენდს“ (2:0), „ლივერპულს“ (1:2) და „ბრაიტონს“ (4:2) აჯობეს. 40 წლის ამორიმმა ნისლიან ალბიონზე ეს პრიზი კარიერაში პირველად მოიგო და გამოკითხვაში მიკელ არტეტას (არსენალი), უნაი ემერის (ასტონ ვილა) და ანდორი ირაოლას (ბორნმუთი) აჯობა.
რაც შეეხება მბუემოს, 26 წლის კამერუნელმა სამივე მატჩში საგოლე მოქმედებით გამოიჩინა თავი. „შავ კატებთან“ ასისტი მიითვალა, „ლივერპულთან“ ანგარიში გახსნა, ხოლო „ბრაიტონთან“ დუბლი შეასრულა.