Aa
Aa

"ყველაზე მნიშვნელოვანი აზარის დაბრუნებაა" - ზიდანის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "გლადბახს" დაუპირისპირდება. "სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო დეტალზე ისაუბრა.

"ჩვენ კმაყოფილები ვართ "ელ კლასიკოში" ნათამაშები ფეხბურთით და დაფიქსირებული შედეგით. ჩემპიონთა ლიგაზე ვხვდებით ისეთ გუნდს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში პრობლემების შექმნას ცდილობს. მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღება გვმართებს. უნდა ვითამაშოთ ისე კარგად, როგორც ეს გასულ უიქენდზე გავაკეთეთ.

მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რადგან პირველი მატჩი წავაგეთ და რთულ სიტუაციაში ვართ. ჩემი ფეხბურთელები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ სეზონი ძალიან გრძელია და როტაცია აუცილებელია. დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები გვაქვს, მაგრამ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.

აზარის განაცხადში ყოფნა ნიშნავს, რომ ის კარგად არის. მისი დაბრუნებით ყველა მოხარული ვართ. ვნახოთ როგორ გამოვიყენებ მას "გლადბახთან" მატჩში. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მისი დაბრუნებაა.

ჟურნალისტებმა ზიდანს რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებაც ჰკითხეს, მაგრამ ფრანგმა მოკლედ უპასუხა და სასაუბრო თემა შეცვალა.

ჩვენ ახლა დღევანდელ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. სერხიო კი ახლა სწორედ ამას აკეთებს. რაც შეეხება ისკოს, ის ამბიციური ფეხბურთელია და ხშირად სურს თამაში. ზოგადად ეს ყველა ფეხბურთელის სურვილია. ჩემი ბიჭები ყოველთვის მზად არიან თამაშში ჩასართველად. ამიტომ არასდროს მეშინია რისკიანი ცვლილების განხორციელება." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში საკუთარი შეხვედრა "შახტართან" შინ 2:3 დათმო. "გლადბახთან" შეხვედრა კი დღეს თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები