''სევილიას ხვიჩა საუკეთესოდ დავუხასიათე'' - ქართველი ტალანტი ესპანურ კლუბში?
Aa
Aa

''სევილიას ხვიჩა საუკეთესოდ დავუხასიათე'' - ქართველი ტალანტი ესპანურ კლუბში?

საფეხბურთო კლუბ ''ბალტიკას'' ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა თემურ ლეპსაიამ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტია, გადაცემა ''ინსაიდერში'' ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

''კვარაცხელია საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ასევე საუკეთესო ტალანტია რუსეთში. ''რუბინში'' ყოფნისას ვკითხე თუ როგორ ვარჯიშობდა. ზოგადად, საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არაერთ სამხრეთელ ფეხბურთელს ვარჯიში არ უყვარს, თუმცა კვარაცხელია მათგან განსხვავებულია.

კვარაცხელიას მიმართ ინტერესი ''სევილიამ'' გამოამჟღავნა. ესპანურ კლუბს ქართველი საუკეთესოდ დავუხასიათე. არ ვიცი რა მოხდება, როგორ განვითარდება მისი კარიერა, მაგრამ თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, ''რუბინი'' მას სარფიანად გაყიდის''.

2019 წლის ზაფხულში მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წამოსვლის შემდეგ კვარაცხელიამ ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ ზამთარში ყაზანურ კლუბში ლეონიდ სლუცკი მივიდა და მას შემდეგ კვარაცხელიას პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია. 

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. 

19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. 2020-21 წლების სეზონის საწყის 10 ტურში კვარაცხელიამ 168 მცდელობიდან 87 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა, რაც რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი იყო. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, თუმცა გასულ ორ ტურში კვარაცხელიას პროდუქტიულობა შემცირდა, რაც დიდი ალბათობით ტრავმითა და გადატვირთული კალენდრით აიხსნება. მან 28-დღიან მონაკვეთში საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები