ლოჩოშვილის ბრწყინვალე საგოლე პასი და დრამატული მარცხი
Aa
Aa

ლოჩოშვილის ბრწყინვალე საგოლე პასი და დრამატული მარცხი

ავსტრიულ ''ვოლფსბერგერში'' გადაბარგებულმა ლუკა ლოჩოშვილმა ევროპა ლიგაზე მოსკოვის ცსკა-სთან მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის ''რაპიდთან'' ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა.

''ვოლფსბერგერი'' შინ ვენურ გუნდთან 3:4 დამარცხდა. ლოჩოშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 67-ე წუთზე ქართველი ცენტრალური მცველის დაახლოებით 30-მეტრიანი გადაცემით სენეგალელმა შეიხუ დენგმა სტუმართა კარში გაიტანა. ამ გოლით ანგარიში 3:2 გახდა ლოჩოშვილის გუნდის სასარგებლოდ.

მატჩის დარჩენილ დროში ''რაპიდმა'' ორი გოლი გაიტანა და დრამატულ შეხვედრაში 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის მიწურულს, მესამე დამატებულ წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი წააქცია, პენალტი დაინიშნა და სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. ასე რომ ლოჩოშვილმა საგოლე გადაცემის გარდა დასანანი შეცდომაც დაუშვა.

ლოჩოშვილის საგოლე პასი და დასანანი შეცდომა

ცსკა-სთან მატჩის შემდეგ ლოჩოშვილი CrystalSport-ს ავსტრიის ბუნდესლიგაზე ესაუბრა: ''ძლიერ ჩემპიონატში თამაშით ფეხბურთელი ყველა კომპონენტში უმატებ. თამაშები მაღალ ტემპში მიმდინარეობს, ყველა გუნდი უტევს. ასეთ თამაშებში უფრო იზრდები, როცა შენს წინააღმდეგ კარგი შემტევები არიან. დარწმუნებული ვარ პროგრესს გავაგრძელებ და უკეთეს ჩემპიონატში მოვხვდები''.

MRI-ს ბოლო მონაცემებით ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე თავს კარგად გრძნობს, ტრავმა თითქმის მოშუშებულია, თუმცა სარეაბილიტაციო კურსი თვის ბოლოს დასრულდება და სავარაუდოდ ნოემბერის დასაწყისში გიორბელიძე ''ვოლფსბერგერთან'' ერთად ივარჯიშებს. ლოჩოშვილმა იმ ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ახალ გუნდში მას თანამემამულე დახვდა და ადაპტაცია გაუადვილა: ''სასიამოვნოა, როცა ქართველი შენთან ერთადაა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა.

5 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ბუნდესლიგაში ''ვოლფსბერგერი'' 3 ქულით მე-10 ადგილზეა. ლოჩოშვილისა და გიორბელიძის გუნდმა 5-დან 4 მატჩი დათმო, რაც ცხადია საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები