Aa Aa
21 ოქტომბერი 2020  |  01:03

შერმადინის ბრწყინვალე გამოსვლა - გიომ 26 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალე გამარჯვებით გახსნა. ქართველი ცენტრის გუნდი პირველ ტურში დანიურ „ბაკენ ბეარსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 25 ქულით, 98-73 დაამარცხა.

შერმადინმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და შესანიშნავად იასპარეზა. გიომ პარკეტზე 21:04 წუთი გაატარა და ამ დროში აქტივში 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

„შერმინატორმა“ 13-დან 10 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. იგი ქულების მხრივ ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა +34-ს უწია, რითიც იგი მატჩის MVP გახდა.

შერმადინის გარდა, „ტენერიფეს“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ 2-მა კალათბურთელმა გადალახა. ამერიკელმა კავანამ 14 ქულა დააგროვა, ხოლო სულეიმანოვიჩი 10 ქულას დასჯერდა. „ბაკენ ბეარსს“ რაც შეეხება, დანიურ კლუბს 24 ქულით პიტერსონმა ულიდერა. დიუფმა და იუკიჩმა კი 13 და 12 ქულა დააგროვეს.

შეგახსენებთ, რომ „იბეროსტარ ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრა იტალიური „დინამო სასარის“ წინააღმდეგ ელის, რომელსაც 4 ნოემბერს დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში