''2 დღე დავისვენებ და ბრძოლისთვის მზად ვიქნები'' - ქუთათელაძემ მახაჩევზე ისაუბრა
Aa
Aa

''2 დღე დავისვენებ და ბრძოლისთვის მზად ვიქნები'' - ქუთათელაძემ მახაჩევზე ისაუბრა

28 წლის ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა! ქუთათელაძის მეტოქე პოლონელი მატეუშ გამროტი იყო. მან ქართველის მსგავსად UFC-ში თავისი პირველი ბრძოლა ჩაატარა. აქამდე მას MMA-ის წესებით 17 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და დღემდე დაუმარცხებელი გახლდათ.

ბრძოლის შემდეგ ქუთათელაძე თავისი გამოსვლით უკმაყოფილო იყო. ქართველი სპორტსმენი საკუთარი თავისგან უფრო მეტს ელოდა.

''ბედნიერი არ ვარ, რადგან ეს ის არ იყო რასაც მე ველოდი. მეტოქემ პარტერში ბევრჯერ გადამიყვანა.

გურამი, რომელსაც მე ვიცნობ, სხვა დონის მებრძოლია. მადლობა ღმერთს, რომ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ძლიერი მეტოქე მყავდა, რომელიც ქამარს ერთდროულად ორ წონაში ფლობდა, მაგრამ ამაზე დიდად არ ვდარდობ.

ვიცი, რომ ისლამ მახაჩევს შემდეგ კვირაში მეტოქე არ ჰყავს. მას Top15-ში მყოფ მებრძოლთან სურს დაპირისპირება, მაგრამ მე ტურნირის დებიუტანტი ვარ. ორი დღე დავისვენებ, შემდეგ დარბაზში დავბრუნდები, ვარჯიშს განვაახლებ და ბრძოლისთვის მზად ვიქნები''.

სადებიუტო ბრძოლის პირველ რაუნდში ქართველი უფრო აქტიური იყო. მეტოქის ყველა „თეიქდაუნი“ დაიცვა და პოლონელს ბრძოლის თავისი სცენარით წარმართვის უფლება არ მისცა, პლუს ამას მას დარტყმებსაც აყენებდა.

მეორე რაუნდში გურამმა რამდენიმე დარტყმა განახორციელა და მისი უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა მალევე გამბროტმა ქუთათელაძის პარტერში გადაყვანა შეძლო და სიტუაცია გამოასწორა. მესამე რაუნდში მეტოქე გააქტიურდა, ბრძოლა შედარებით თანაბარი გახდა. გამბროტმა გურამის პარტერში გადაყვანა კიდევ ერთხელ შეძლო. გამოცდილი პოლონელი მოჭიდავე თავისი პლუსების გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ქუთათელაძის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ თავს საკმაოდ კარგად იცავდა.

საბოლოოდ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება ქართველს დარჩა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები