ნაკრების მწვრთნელი: "ჩემი დავალებები 2-3 ფეხბურთელმა თუ შეასრულა"
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, მოლდოვასთან მატჩი (1:1) პრესკონფერენციაზე შეაფასა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. მით უმეტეს, როცა ამდენი გულშემატკივარი მოვოდა და მხარს მთელი თამაშის განმავლობაში გვიჭერდა. დიდი მადლობა მათ, თუმცა შედეგით ყველა იმედგაცრუებულია".
"გაცილებით უკეთესის მოლოდინი გვქონდა და შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ. შეცდომები გვქონდა ბურთის ამოტანაზე, მეორე სართულზე და ბურთის ართმევაზე. ასევე არ გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა, როგორც ეს ოქრიაშვილმა უელსთან გააკეთა".
"ჩემს დავალებებს მხოლოდ 2-3 ფეხბურთელი თუ ასრულებდა, დანარჩენები საერთო ტაქტიკიდან ამოვარდნილები იყვნენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქვილითაიას თამაშით უკმაყოფილო ვარ. ის მეორე სართულზე ძალიან ბევრ ორთაბრძოლას აგებდა, გარდა ამისა, დამაგვირგვინებელ ფაზაშიც შეცდომებს უშვებდა".
"კანკავას შემოყვანით, მინდოდა ნახევარდაცვის ხაზი გამეძლიერებინა, რათა მეტოქის კონტრშეტევებისას უფრო მომზადებული ვყოფილიყავით".
"მიუხედავად ყველაფრისა, ვერ მოგებაში დამნაშავე, ერთი ადამიანი ვერ იქნება.". - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და ქვეჯგუფში მე-5 ადგილზეა.