Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  11:23

წაგება, გაფუჭებული პენალტი და ჩხუბი მეტოქეებთან - იგუაინის საშინელი დებიუტი MLS-ში

გონსალო იგუაინს MLS-ში საშინელი დებიუტი გამოუვიდა. ვეტერანი ფორვარდის გუნდმა „ინტერ მაიამიმ“ 0:3 წააგო, თავად კი პენალტი გააფუჭა და მეტოქის ფეხბურთელებს ეჩხუბა.

მაიამელთა მოწინააღმდეგე გახლდათ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილოსანი „ფილადელფია უნიონი“, რომელიც ლიდერ „კოლუმბუსს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მატჩის მთავარი ეპიზოდი 77-ე წუთზე მოხდა, როცა „ფილადელფია“ 2:0-ს იგებდა და „მაიამის“ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. თუმცა, იგუაინმა ბურთი კარს ააცილა, რის შემდეგაც მის ირგვლივ მყოფი რამდენიმე მეტოქის ემოციური აღნიშვნით გაღიზიანდა და მათთან ლამის ხელჩართული ჩხუბი წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ „პიპიტას“ ბოლო დროს პენალტების დარტყმა საერთოდ არ გამოსდის და უკანასკნელი 4 თერთმეტმეტრიანიდან ვერც ერთი გაიტანა.

„ინტერ მაიამის“ 14 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს და კონფერენციის ბოლო ადგილს „დისი იუნაიტედთან“ იყოფს. თუმცა, ფლეი-ოფში გამსვლელ მე-10 ადგილამდე გუნდს მხოლოდ 4 ქულა აშორებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში