მიდო: „კუმანმა გამანადგურა... მაინტერესებს მესის სიტყვებზე რა რეაქცია ექნება“
ეგვიპტის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, აჰმედ ჰოსამ მიდო ლიონელ მესის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. მიდომ „აიაქსში“ გატარებული პერიოდი და ამსტერდამელთა მაშინდელი თავკაცის, რონალდ კუმანის ქმედებები გაიხსენა, რომელმაც მას კლუბის საჯაროდ კრიტიკა არ აპატია.
„მაინტერესებს რონალდ კუმანს მესის მიერ სუარესთან დაკავშირებით ნათქვამ სიტყვებზე რა რეაქცია ექნება. მახსოვს, როცა მედიის წარმომადგენლებთან კლუბის შესახებ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირე, კუმანმა გამანადგურა და აიაქსს ჩემი გაყიდვა უბრძანა, არადა მაშინ 18 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს მესის არ ვადარებ, მაგრამ მაინტერესებს რა მოხდება“.
მიდომ „აიაქსის“ რიგები 2003 წელს დატოვა და „მარსელში“ გადაბარგდა. ფრანგული გრანდის შემდეგ, მან „რომას“ მიაშურა და მოგვიანებით „ტოტენჰემში“ აღმოჩნდა. „დეზებიდან“ ეგვიპტელი „მიდლსბროს“ შეუერთდა, კარიერა კი 2013 წლის ივნისში დაასრულა. მისი ბოლო კლუბი „ბარნსლი“ გახლდათ.