დინამოს შედეგი: უმძიმესი მარცხი ფარერის კუნძულების ჩემპიონთან!
Aa
Aa

დინამოს შედეგი: უმძიმესი მარცხი ფარერის კუნძულების ჩემპიონთან!

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების მოქმედმა ჩემპიონმა ''კლაკსვიკმა'' საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ''დინამო'' 6:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა დენი პავლოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგეს. მის გარდა თბილისური კლუბის კარში გოლები პატრიკ იოჰანესენმა და იონ იოჰანესენმა გაიტანეს, ხოლო პალ კლეტსკარდმა ჰეთ-თრიკი 13-წუთიან მონაკვეთში შეასრულა.

ერთადერთი საპასუხო გოლი ბრაზილიელი ფეხბურთელის, პერნამბუკოს ანგარიშზეა, რომელმაც 71-ე წუთზე თავი გამოიჩინა და ანგარიში 4:1 გახდა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს.

ეს არ არის სენსაცია, ეს არის მასპინძელთა დამაჯერებელი, სრულიად დამსახურებული გამარჯვება. ჩისკოს გუნდმა უელსურ კლუბთან მატჩშიც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და ''დინამოს'' მარცხი დღევანდელ შეხვედრაში მოულოდნელი არ იქნებოდა, მით უმეტეს როცა ფარერის კუნძულების წარმომადგენლები საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე პროგრესს განიცდიან, მაგრამ შედეგი, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა, ყველა ფაქტორის მიუხედავად მოულოდნელი იყო.

თბილისის ''დინამოში'' გაწეულმა შრომამ ეს შედეგი მოიტანა. მწვრთნელთა ხშირი ცვლილებები და მოთამაშეთა კონტინგენის ხშირი ცვლა წარმატების წინაპირობა არასდროს ყოფილა.

''დინამოს'' წარუმატებლობაში მთავარი პასუხისმგებელი პირი კლუბის მფლობელი რომან ფიფიაა. მის მრავალწლიან მოღვაწეობას თბილისის ''დინამოში'' ყოველთვის ახლდა ხშირი საკადრო ცვლილელები, რაც წარუმატებლობას განაპირობებს, თუმცა ეს შედეგი, რაც დღეს დაფიქსირდა, ვერანაირ კრიტიკას უძლებს და ყველანაირ მოლოდინს ცდება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები