Aa
Aa

მოურინიო ნდომბელეს აქებს: „ევოლუციას განიცდის და მისი მჯერა"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ლოკომოტივ პლოვდივთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ტანგუი ნდომბელეს შესახებ ისაუბრა. „მოუმ“ „დეზების“ მეორე გოლის ავტორი შეაქო და განაცხადა:

„ტანგუი ევოლუციას განიცდის. გასულ სეზონში ეს ასე არ იყო. გასულ სეზონში ის იმყოფებოდა სიტუაციაში, რომელშიც ევოლუციას ვერ ვხედავდი.

ნდომბელე ტრავმის მოშუშების პროცესშია და დღეს მატჩის ბოლო 30 წუთში მოგვცა ის, რაც ძალიან გვჭირდებოდა. ამ მომენტში მე მისი მჯერა. ტანგუის საფეხბურთო შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. კითხვის ნიშნის ქვეშ მის მოტივაციას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ვაყენებდი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მომენტში მისი მჯერა. დღეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ და შევჯერდით იმაზე, რომ მას სათადარიგოთა სკამიდან უნდა დაეწყო. ნდომბელემ თავადაც იცის, რომ ოპტიმალურ კონდიციებში ჩასადგომად დრო სჭირდება.

ფეხბურთში მრავლად არიან მოთამაშეები, რომლებსაც ახალ გუნდებში ცუდი სტარტი ჰქონდათ. ლუკა მოდრიჩი რეალში გადასვლიდან 6 თვის შემდეგ ფანებმა და პრესამ სამეფო კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდ შენაძენად დაასახელეს. რამდენიმე თვის შემდეგ ის ჩემპიონი გახდა, შემდეგ ლიგა მოიგო და ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაისაკუთრა“.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტოტენჰემმა“ ბულგარული კლუბი მე-80 და 85-ე წუთებზე გატანილი გოლებით დაამარცხა. „დეზების“ მხრიდან ჰარი კეინი და ტანგუი ნდომბელე გამოირჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები