Aa
Aa

ანტეტოკოუნმპო მილუოკის ხელმძღვანელებს შეხვდა - ბაქსი იანისის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს

ESPN-ის ინსაიდერი, ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება, რომ „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი, იანის ანტეტოკოუნმპო და მისი აგენტი გუნდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა და „მილუოკის“ მესვეურები ბერძენ სუპერვარსკვლავს დაჰპირდნენ, რომ მის გარშემო საჩემპიონო გუნდის ასაწყობად ფინანსებს არ დაიშურებენ. ვოინაროვსკის ცნობით, „ბაქსი“ მზადაა, მომდევნო სეზონში კალათბურთელთა ხელფასებზე სახელფასო ჭერზე მეტი თანხა დახარჯოს და ამის გამო ფუფუნების გადასახადის გადახდასაც აპირებს.

შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე სეზონსა და „მილუოკის“ იმედგამაცრუებელ ფინიშსაც შეეხო და მხარეებმა იმსჯელეს ასპექტებზე, რომლებშიც გუნდს მოსამატებელი აქვს. ვოინაროვსკის მიხედვით, ანტეტოკოუნმპოს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული და უახლოეს პერიოდში ბევრი რამ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იანისი არჩევანის წინაშე დადგება. ბერძენ სუპერვარსკვლავს შეეძლება, „მილუოკისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს და სუპერ მაქსიმალური ხელშეკრულება გააფორმოს, ან ამჟამინდელი კონტრაქტი დაიტოვოს და 2021 წელს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები