Aa
Aa

"მგონი ფერგიუსონი გავაღვიძე" - კლოპმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგა "ლივერპულს" 21-ე საუკუნეში პირველად მოაგებინა. ჩემპიონობის ღამეს გერმანელ სპეციალისტს საინტერესო ისტორია გადახდა, რომელიც მან The Independent-თან საუბრისას გაიხსენა.

"იმ ღამეს ბევრი დავლიე და სახლში გვიან მივედი. ემოციებისგან დატვირთული დაძინებას ვერ ვახერხებდი და გადავწყვიტე მილოცვებისთვის მეპასუხა. ავიღე ტელეფონი და შეტყობინებებს ჩამოვუყევი. ერთ-ერთი მათგანი სერ ალექს ფერგიუსონისგან იყო. ძალიან ავღელდი, რადგან ფერგისგან მოლოცვას არ ველოდებოდი. იმ წამსვე გავუგზავნე მადლობის წერილი, რომელიც საკმაოდ ზრდილობიანი და თავშეკავებული იყო.

შეტყობინების გაგზავნის შემდეგ საათს დავხედე. დილის 4 საათი იყო და საშინლად შემრცხვა. არ მინდოდა ლეგენდარული მწვრთნელის გაღვიძება და ვოცნებობდი, რომ ტელეფონი საწოლთან ახლოს არ დებოდა. ფერგიუსონმა აღარ მიპასუხა, მგონი მე ის გავაღვიძე და თუ ეს ასეა მაშინ ბოდიშს ვიხდი.

ხსენებული ღამის შემდეგ კონტაქტი აღარ გვქონია, მაგრამ ვფიქრობ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა და არ არის ვალდებული "ლივერპულის" მწვრთნელს მის წარმატებაზე ბევრი ესაუბროს." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდელებმა" 2019/2020 წლის პრემიერ ლიგა 99 ქულით მოიგეს. კლოპის შეგირდებმა, 38 ჩატარებულ შეხვედრაში 85 გოლი გაიტანეს, ხოლო 33 კი გაუშვეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ლივერპულს" ქვეყნის ჩემპიონატი 30 წლის მანძილზე არ ჰქონდა მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები