ზაზამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" 26 ოქტომბერს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველი მატჩი გამართა.
"უორიორსმა" "სან ანტონიოს" უმასპინძლა და მოულოდნელად, სეზონი წაგებით დაიწყო. თანაც "სპერსის" უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო და გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა შეხვედრა დიდი სხვაობით, 100:129 მოიგეს.
ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და ჯამში მოედანზე 20:05 წუთი დაჰყო. ფაჩულია შედეგიანობით ვერ გამოირჩა. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია, ბურთი კი, სამჯერ დაკარგა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა "სან ანტონიოს" ფორვარდმა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. სტუმართა მეორე ფორვადმა ლამარკუს ოლდრიჯმა კი, თავის გუნდს 14 მოხსნა და 26 ქულა შესძინა.
ორმაგი დუბლებით მასპინძელთა რიგებში კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო დრეიმონდ გრინმა - 18 ქულა და 12 მოხსნა. სტეფ კარის ანგარიშზე 26 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასია. შედარებით მოკრძალებული შედეგი ჰქონდა კლეი ტომპსონს, ვინც მხოლოდ 11 ქულას მოუყარა თავი.
მომდევნო მატჩს "გოლდენ სტეიტი" 29 ოქტომბერს, სტუმრად "ნიუ ორლეანთან" გამართავს.