"დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი გაწვრთნის
დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე, გუნდის პრეზიდენტის მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ, დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი სპეციალისტი, ვიაჩესლავ გროზნი წარადგინა.
თანამშრომლობა 3 წელზეა გათვლილი, კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა. ვიაჩესლავ გროზნის ჩამოსვლა თავდაპირველად იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, გუნდთან უკეთესი ადაპტაციისათვის ეს რამდენიმე თვეც დაემატა.
კლუბში მყოფ სტაფთან ერთად, ასევე იმუშავებენ მწვრთნელის ასისტენი ოლეკსი ველიჩკო, ფიზ. მომზადების მწვრთნელი ალექსეი სკორპანი და ექიმი ანდრი კოლოსოვი.
ვიაჩესლავ გროზნი: - "მოხარული ვარ ასეთ სახელოვან, ტრადიციულ და ამბიციურ კლუბში მოხვედრით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რომან ფიფიას, რომელიც ამ კლუბის წარმატებისთვის არაფერს იშურებს. აქ ფეხბურთელის მოსამზადებლად იდეალური გარემოა და კლუბში მომსახურე პერსონალიც ძალიან მონდომებულია. წინ დიდი შრომა გველის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა შედეგიანი იქნება. ჩემთვის თბილისის "დინამოს" გაწვრთნა უდიდესი პასუხისმგებლობაა".
"დინამომდე" 60 წლის სპეციალისტი, უჟგოროდის "ჰოვერლაში" მუშაობდა. მანამდე კი, მას ზაპოროჟიეს "მეტალურგში", "ნივაში", მოსკოვის "სპარტაკში", სოფიის "ლევსკიში", კიევის "არსენალში", გროზნოს "ტერეკსა" და ყაზახურ "ტობოლში" უმუშავია.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით