Aa
Aa

ჩემბერლენის შემდეგ პირველი - იოკიჩის შესანიშნავი მაჩვენებელი NBA-ში

საინტერესო ფაქტებით დატვირთული გამოდგა „დენვერისა“ და „კლიპერსის“ მატჩიც. ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს 124:11 აჯობეს და დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილი გაიმყარეს.

„ნაგეთსი“ დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ დარჩენილ 24 წუთში სრულ უპირატესობას „კლიპერსი“ დაეუფლა და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია.

კავაი ლეონარდმა მიმდინარე სეზონში ჩაატარა 38-ე ისეთი მატჩი, რომელშიც მინიმუმ 25 ქულა მოაგროვა და ამით კლუბის ისტორიის რეკორდიც დაამყარა. მას შემდეგ, რაც „კლიპერსი“ ლოს ანჯელესური კლუბი გახდა, კავაი მისი პირველი კალათბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ამდენი 25+ შეხვედრა ჩაატარა. „კლიპერსის“ ისტორიაში ბოლოს ასეთი წარმატებული გახლდათ უორლდ ფრი, რომელმაც 1979-80 წლების სეზონში 25 ან მეტი ქულა 54 შეხვედრაში მოაგროვა. ოღონდ, „კლიპერსი“ მაშინ სან დიეგოს გუნდი იყო.

კიდევ უფრო ხმაურიანი მაჩვენებელი დააფიქსირა „დენვერის“ ლიდერმა, ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა გუშინდელ შეხვედრაში 13 ასისტი მიითვალა, რის შედეგადაც, მიმდინარე სეზონში მეოცედ მოხდა, როცა მან თამაშში 10 ან მეტი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. იოკიჩმა ასეთ შედეგს ზედიზედ მეორე სეზონში მიაღწია და ამ მხრივ, 7 ფუტის სიმაღლის კალათბურთელებს შორის NBA-ში მხოლოდ მეორე კალათბურთელია. პირველი უილტ ჩემბერლენი იყო.

„კლიპერსმა“ 48 მოგება მოაგროვა და იმავე „დენვერს“ 2 გამარჯვებით გაუსწრო. ლოს ანჯელესელები მომდევნო თამაშს „ოკლაჰომასთან“ გამართავენ, „დენვერი“ კი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილოსან „ტორონტოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები