ბერძნული მედია: ნინუა პაოკ-ის ფეხბურთელი გახდება
Aa
Aa

ბერძნული მედია: ნინუა პაოკ-ის ფეხბურთელი გახდება

თურქულ ''ბეშიქთაშში'' ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ თბილისის ''დინამოს'' კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას ბერძნულ პაოკ-ში გააგრძელებს. ბერძნული Gazzetta-ს ცნობით პაოკ-მა 21 წლის ქართველ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია. ტრანსფერი ოფიციალურად სამშაბათს დადასტურდება.

გასულ თვეში პაოკ-ის სპორტულ დირექტორად გერმანელი ოლაფ რებე დაინიშნა. პერსონალურად მას სურდა ნინუასთან კონტრაქტის გაფორმება. ოლაფ რებემ ნინუას შესახებ მთავარ მწვრთნელ აბელ ფერეირასთან ისაუბრა და პორტუგალიელი სპეციალისტისგან დადებითი პასუხი მიიღო. ისინი ქართველ ნახევარმცველში დიდ ტალანტს ხედავენ და მასთან მუშაობის დიდი სურვილი აქვთ.

ხსენებული ოლაფ რებე სპორტული დირექტორის პოზიციაზე ''ვოლფსბურგსა'' და ''ჰადერსფილდში'' მუშაობდა, ხოლო აბელ ფერეირა ლისაბონის ''სპორტინგის'' ექს-ფეხბურთელია და პაოკ-ში მისვლამდე ''ბრაგას'' ხელმძღვანელობდა.

აბელ ფერეირას გუნდი 2019-20 წლების სეზონში საბერძნეთის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

პაოკ-ის ისტორიაში ქართველ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. ნინუა გუნდის პირველი ქართველი ლეგიონერი გახდება.

21 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან თბილისური კლუბის ღირსებას იცავდა. 2018 წელს ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. საერთო ჯამში ევროტურნირებზე ''დინამოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მას ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

 ფოტოზე: ნიკა ნინუა და ოლაფ რებე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები