UFC-მ 20-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი დაითხოვა - მიზეზი მთიანი ყარაბაღის დროშაა
UFC-ის ხელმძღვანელებმა გაათავისუფლეს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც სომხური ფესვების მქონე მებრძოლს, ედმენ შაჰბაზიანს ოქტაგონზე მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სომხური დროშის გატანის უფლება მისცა.
This morning, UFC fighter Edmen Shahbazyan entered the main fight of the event with the flag of the unrecognized Nagorno-Karabakh Republic. This contradicts all political and legal norms, since the NKR is not recognized by any state. pic.twitter.com/8zKC9tSWA6
— Samedov Mahmud (@samedovMY) August 2, 2020
ინციდენტი UFC Fight Night 173-ის ფარგლებში გამართული ბრძოლის დაწყებამდე მოხდა, რომელშიც შაჰბაზიანი ბრანსონს დაუპირისპირდა. შერკინების შემდეგ, აზერბაიჯანისა და თურქეთის საკონსულოებმა UFC-ის პროტესტის წერილით მიმართეს და ზომების გატარება მოსთხოვეს.
როგორც ირკვევა, UFC-მ მათი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვა და თანამშრომელი, რომელსაც 20-წლიანი სტაჟი ჰქონდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას სომხური გამოცემა Sport.news.am ავრცელებს და შაჰბაზიანის მწვრთნელთან, ედმონდ ტარვერდიანთან ჩაწერილ ინტერვიუსაც აქვეყნებს, რომელიც ყველაფერს ადასტურებს.
„UFC-მ დაგვაჯარიმა და სამსახურიდან გაუშვა თანამშრომელი, რომელსაც 20 წლიანი სტაჟი ჰქონდა. ამ უკანასკნელს შერკინების წინ მებრძოლის შემოწმება ევალებოდა. მან უყურადღებობა გამოიჩინა და ვერ დაინახა, რომ ედმენს სომხეთის დროშის ნაცვლად, მთიანი ყარაბაღის დროშა ჰქონდა. არ ვნანობთ იმას, რაც გავაკეთეთ და მზად ვართ სასჯელი მივიღო“.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და მის გარეთ მდებარე შვიდი ტერიტორიის გამო მიმდინარეობს.