Aa
Aa

ზეედორფი: „რეალს მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება"

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფმა „სიტისა“ და „რეალს“ შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელმა ინტერვიუ Stats Perform News-ს მისცა და განაცხადა, რომ „სამეფო კლუბს“ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

„ჩემი აზრით, ზინედინ ზიდანის რეალში დანიშვნას სამეფო კლუბისთვის დამახასიათებელი ქიმიის დაბრუნება მოჰყვა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ბლანკოსი სოლიდური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. რეალის კონკურენტ ბარსელონას კი ერთიანობა აკლია.

ორი აზრი არაა, რომ როცა ბენზემასა და რამოსს მოსისხლე მტერთან ბრძოლაში შანსი ეძლევათ, ეს მათში მოტივაციას აჩენს. ბლანკოსის ლიდერის ფუნქციებს სწორედ კარიმი და სერხიო ითავსებენ, მაგრამ პანდემიის შემდეგ, ყველა ფეხბურთელი კარგად ასპარეზობს.

სიტი და რეალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდები არიან და შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მათგანი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია.

მიმაჩნია, რომ ეტიჰადზე ჩასვლა და 2-მატჩიანი დაპირისპირების შემოტრიალება ურთულესი ამოცანა გახლავთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მგონია, რომ რეალს ქამბექის შესრულება შეუძლია, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა დღეს 2 შეხვედრით დაბრუნდება. თბილისის დროით 23:00-ზე „იუვენტუსი“ „ლიონს“ შეერკინება. „სიტი“ კი საკუთარ კედლებში „რეალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები