Aa Aa
1 აგვისტო 2020  |  18:11

ერიკ გარსიას ბარსელონაში ტრანსფერი თითქმის გადაწყდა

„ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველის ერიკ გარსიას შეძენასთან ახლოსაა. ესპანური Sport-ის ცნობით, ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხარეები მოლაპარაკებებს ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, ანუ აგვისტოს ბოლოს მიუბრუნდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, 19 წლის გარსია „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია და 2017 წელს „ქალაქელთა“ რიგებში პეპ გვარდიოლას მოთხოვნით მოხვდა.

გვარდიოლა მის დაყოლიებას და გუნდში დატოვებას ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელს მშობლიურ კლუბში დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.

ტრასნფერმარკეტი გარსიას 16 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენად შეაფასებს მას „სიტი“.

ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უსრულდება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, აქედან გამომდინარე „ქალაქელებმა“ ის ახლავე უნდა გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფასოდ დაკარგავენ.

შეგახსენებთ, რომ გარსიამ „სიტის“ პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ 22 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მცველის შეძენის შემდეგ, „ბარსელონადან“ სამუელ უმტიტის წასვლის ალბათობა საგრძნობლად გაიზრდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები