რონალდინიო გათავისუფლდება - გირაო და ბრალის აღიარება
Aa
Aa

რონალდინიო გათავისუფლდება - გირაო და ბრალის აღიარება

2002 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი რონალდინიო შესაძლოა შიდა პატიმრობიდან მიმდინარე თვეში გათავისუფლდეს, რისთვისაც მან ფულადი ჯარიმის გადახდის გარდა ბრალი უნდა აღიაროს, რაც ყალბი დოკუმენტით პარაგვაის საზღვრის გადაკვეთას გულისხმობს. ანალოგიურად უნდა მოიქცეს მისი ძმა.

აღსანიშნავია, რომ პარაგვაის პროკურატურამ ვერ შეძლო ძმებისთვის ფულის გათეთრებასა თუ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალის წაყენება, რაც რონალდინიოს გათავისუფლების საკითხს ძალიან რეალურს ხდის.

ორივე მათგანი მიმდინარე წლის მარტში ყალბი პასპორტით პარაგვაის საზღვარზე დააკავეს. თავდაპირველად, პარაგვაის სასამართლომ ბრაზილიელებს ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა აპრილში ციხე დატოვეს და მას შემდეგ შიდა პატიმრობაში იმყოფებიან.

ძმებმა ციხეში 32 დღე გაატარეს, შემდეგ კი 1,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გირაოს სახით გადაიხადეს და ციხე დატოვეს.

ამჟამად ძმები ასუნსიონში საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობენ, სადაც ერთ ღამეში ნომრის ღირებულება 380 აშშ დოლარს შეადგენს.

40 წლის რონალდინიომ კარიერის საუკეთესო წლები კატალონიის ''ბარსელონაში'' გაატარა. ბრაზილიელი ესპანური გრანდის ღირსებას 2003-08 წლებში იცავდა. რონალდინიომ ლა ლიგა ორჯერ მოიგო, 2006 წელს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები