''მისი შესაძლებლობები უსაზღვროა'' - კვარაცხელია რუბინში რჩება
Aa
Aa

''მისი შესაძლებლობები უსაზღვროა'' - კვარაცხელია რუბინში რჩება

ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მისი მამა, ბადრი კვარაცხელია რუსულ მედიას ესაუბრა. 55 წლის სპეციალისტის თქმით მისი შვილი ლეონიდ სლუცკისთან მუშაობით ძალიან კმაყოფილია და ევროპული კლუბების მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად ყაზანის ''რუბინში'' დარჩენა სურს.

''ახლახანს ხვიჩამ მითხრა, რომ სლუცკისთან მუშაობით ძალიან კმაყოფილია: ''მამა, ''რუბინიდან'' წასვლა არ მინდა, სლუცკისთან მუშაობით კიდევ უფრო მოვუმატებ.'' ვუპასუხე: ''არ არის პრობლემა, ასე იყოს.'' სლუცკიმ ხვიჩას მოედანზე მეტი თავისუფლება მიანიჭა და ახლა უფრო ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებებს. ერთ თვეში ასეთი პროგრესი მარტივად არ მოდის, მწვრთნელის დამსახურებაა.

მცველის მოტყუებისა უნარი, მეტოქესთან დისტანციის გრძნობა ნიჭია. ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ ეს უნარები უნდა დახვეწო, რაშიც მწვრთნელის როლი ძალიან დიდია. თუ მწვრთნელი გზღუდავს და რისკიანი გადაწყვეტილებების უფლებას არ გაძლევს, მაშინ არაფერი გამოგივა.

ფეხბურთელის აგენტთანაც ვისაუბრეთ. ახლა ამ ეტაპზე ხვიჩა კლუბში უნდა დარჩეს, სადაც პროგრესისთვის შესანიშნავი გარემოა. ის საკუთარ თავზე მუშაობს, ფიზიკური კონდიციები უნდა გააძლიეროს და მეტი გამოცდილება შეიძინოს. თუ ასე გააგრძელებს, ზღვარს ვერ ვხედავ, ყველაფრის მიღწევა შეუძლია.

ევროპული კლუბებიდან ინტერესის მიუხედავად მისი წასვლა ნაადრევია. შემდეგ სეზონში ''რუბინს'' გარკვეული მიზნები ექნება. ამ ეტაპზე ტრანსფერი არ განიხილება, თუმცა ევროპული კლუბებიდან ინტერესი ნამდვილად არის.''

კვარაცხელიას, რომელიც ყაზანის ''რუბინს'' 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, ყაზნაურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. გასულ ზაფხულში მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წამოსულმა ფეხბურთელმა ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ მწვრთნელის ფაქტორი. კვარაცხელიას პროდუქტიულობა ლეონიდ სლუცკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გაიზარდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

შეგახსენებთ, რომ ყაზანურმა კლუბმა ახლახანს დასრულებულ სეზონში 35 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები