ბერიძემ გენტი დატოვა და რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

ბერიძემ გენტი დატოვა და რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს

23 წლის ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე ''გენტში'' არ დაბრუნდება. CrystalSport-ის ცნობით მოთამაშე მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან აწარმოებს, ერთ-ერთი კლუბი ბელგიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელია.

2017 წლის ზაფხულში ბერიძემ ''გენტთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა გასულ თვეში ამოეწურა, მხარეები ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.

გასულ სეზონში ''გენტმა'' მოთამაშე ბელგიის რანგით მეორე ლიგის ''ლოკერენში'' გაანათხოვრა, სადაც არაერთი ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

სისწრაფითა და ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელი 2015 წლიდან  ''გენტის'' საკუთრებაა, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ტორუპმა 2019 წლის ზაფხულში ევროპა ლიგაზე ''ვიტორულთან'' და ბელგიის ჩემპიონატში ''შარლერუასთან'' ათამაშა.

2015 წლიდან მოყოლებული ''გენტმა'' ბერიძე სამ კლუბში გაანათხოვრა, ''ლოკერენის'' გარდა ქართველი ლეგიონერი 2017-18 წლებში სლოვაკურ ''ტრენჩინში'' ასპარეზობდა, 2018-19 წლების სეზონი კი უნგრულ ''უიპეშტში'' გაატარა.

ბერიძეს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2018 წლის ივნისში ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიიწვია. ბერიძემ მალტასთან და ლუქსემბურგთან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები