სანიკიძე: ''ვიცი, რომ NBA-ს რამდენიმე კლუბს შენგელიას გადაბირება სურდა''
Aa
Aa
12 ივლისი 2020  |  13:11

სანიკიძე: ''ვიცი, რომ NBA-ს რამდენიმე კლუბს შენგელიას გადაბირება სურდა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კალათბურთელმა  და ამჟამად ბერძნული ''არისის'' სპორტულმა დირექტორმა ვიქტორ სანიკიძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

ვიქტორ სანიკიძე: ''ცალსახად ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თორნიკეს ტრანსფერს ბევრი ნიუანსი ახლავს. მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან და ლოგიკიდან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. თორნიკემ თავისი შესაძლებლობები ''ბასკონიაში'' ამოწურა, კორონავირუსის პანდემიის გამო კი ''ბასკონიაში'' ახალი გუნდის შექმნას გეგმავენ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ''ბასკონიას'' პრეზიდენტს ბიზნესს ინტერესებიც აქვს. ამ ტრანსფერით კლუბმა დიდი თანხა მიიღო, როგორც ვიცი სატრანსფერო თანხა მილიონზე მეტია. ასევე, კლუბი დაზოგავს იმ თანხას, რომელსაც შენგელიას ხელფასის სახით უხდიდა.

თორნიკემ დაამტკიცა, რომ ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია და ახლა მას ტიტულები სჭირდება. ყველა ადამიანს თავის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა სჭირდება. ევროლიგაში 4 ან 5 გუნდია, რომლებსაც ევროლიგის მოგება შეუძლიათ. ასეთი გუნდებია ''ბარსელონა,'' ''რეალი,'' ''მილანი.''

შენგელია ''მილანის'' ვარიანტს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში იტალიურმა კლუბმა თანხის გადახდა ვერ შეძლო, ''მილანის'' ბიუჯეტი დიდი არაა.

ასევე ვიცი, რომ NBA-ს რამდენიმე კლუბს თორნიკე შენგელიას გადაბირება სურდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამოვიდა. NBA თვის ბოლოს განახლდება, შემდეგ დრაფტი უნდა გაიმართოს და დრაფტის მერე უნდა გამართულიყო თორნიკესა და NBA-ს გუნდებს შორის მოლაპარაკება, პარალელურად კი ევროპაში სეზონი დაწყებული იქნება. ამიტომ არ გამოვიდა შენგელიას NBA-ში ტრანსფერი.

მეც ვთამაშობდი ყაზანის ''უნიქსში.'' კლუბს მოსკოვის ბანკი აფინანსებდა. მაშინ ჩავეძიოთ მოსკოვის ბანკი ვისია. მაშინ გავალთ იქამდე, რომ ნებისმიერი საფეხბურთო თუ საკალათბურთო კლუბი რუსეთის ხელისუფლების მიერ ფინანსდება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები