Aa
Aa
10 ივლისი 2020  |  11:20

"იბრა ევროპა ლიგის ფეხბურთელი არაა" - ზლატანმა მილანიდან წასვლაზე კიდევ ერთხელ მიანიშნა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შვედი ვარსკვლავი რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო, მთავარი კი ისაა, რომ „მილანიდან“ წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ მკაფიოდ მიანიშნა.

„ზლატანი თამაშობს იმისთვის, რათა რამე მოიგოს, სხვა შემთხვევაში სახლში რჩება. მეუბნებოდნენ, რომ კუნთის ტრავმის გამო დიდი ხნით დასვენება მომიწევდა, მაგრამ ორ დღეში უკვე მზად ვიყავი. „იბრა“ ასეთია.

ფეხბურთის სათამაშოდ დავიბადე და ამ საქმეში ჯერ კიდევ საუკეთესო ვარ. ვნახოთ, ორ თვეში თავს როგორ ვიგრძნობ და კლუბთან მოლაპარაკებები როგორ ჩაივლის. დღევანდელი გადმოსახედიდან გულწრფელად თუ გეტყვით, ნაკლებად სავარაუდოა, მომდევნო სეზონში „მილანში“ მიხილოთ. „იბრა“ ევროპა ლიგის ფეხბურთელი არაა და არც „როსონერია“ ის კლუბი, რომელიც ამ ტურნირზე უნდა თამაშობდეს.

ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, როგორც საკუთარ ასევე კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბრე. მათგან მჭირდებოდა ახსნა ჩემი და მთლიანად გუნდის მომავლის შესახებ. ვიცი, რომ ეს ყველაზე კარგი „მილანი“ არაა, მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციაშიც მისთვის საუკეთესო უნდა გავაკეთოთ. „იბრა“ აქ არის და ის ამაზე იზრუნებს.

ნამდვილად არ ვიცი, „როსონერის“ შემდეგ ჩემს კარიერაში კიდევ სხვა კლუბი თუ იქნება, მაგრამ შესაძლებლობებისთვის კარის დახურვა არასდროს მჩვეოდა. ჯერჯერობით საყვარელი საქმის კეთებისთვის კვლავ დიდი ვნება მაქვს“.

ინტერვიუს ბოლოს იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ რალფ რანგნიკის შესახებ არაფერი სმენოდა და არც ახლა იცის იგი ვინაა. არადა, როგორც იტალიური პრესა წერს, რანგნიკი სეზონის ბოლოს მილანელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნება.

ზლატანს ლომბარდიულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე ჩემპიონატის ბოლომდე აკავშირებს და იმის მიუხედავად, რომ მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალება აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, ასე მოხდეს. 

"როსონერი" იტალიის ჩემპიონატის 31 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მთელი 16 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები