პელეგრინი ლა ლიგაში დაბრუნდა - სამწლიანი კონტრაქტი ბეტისთან
Aa
Aa

პელეგრინი ლა ლიგაში დაბრუნდა - სამწლიანი კონტრაქტი ბეტისთან

ცნობილი ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი სევილიური ''ბეტისის'' მთავარი მწვრთნელი გახდა. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მხარეებმა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.

''ბეტისთან'' კონტრაქტის გაფორმებამდე პელეგრინი ლონდონის ''ვესტ ჰემში'' მუშაობდა. მან ''ჩაქუჩები'' გასული წლის დეკემბერში დატოვა.

პელეგრინს ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 66 წლის მწვრთნელი 2004-09 წლებში ''ვილიარეალის'' თავკაცი იყო, შემდეგ კარიერა მადრიდის ''რეალში'' (2009-10) გააგრძელა. ''სამეფო კლუბიდან'' ''მალაგაში'' წავიდა, სადაც მთავარ მწვრთნელად 2010-13 წლებში მუშაობდა.

2013-14 წლების სეზონში მისი გაწვრთნილი ''მანჩესტერ სიტი'' ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. ასევე, მისი ხელმძღვანელობით ''ქალაქელებმა'' ინგლისის ლიგის თასი ორჯერ მოიგეს.

რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, პელეგრინი ''უნივერსიდად დე ჩილეს'' ლეგენდაა, ჩილეს ეროვნულ გუნდში კი ერთადერთი მატჩი 1986 წელს ბრაზილიასთან ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები