Aa
Aa

სამოქმედო გეგმა შეთანხმებულია - NHL სეზონის გასანახლებლად ემზადება

NHL-მა და NHL-ის მოთამაშეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გეგმაზე, რომლის მიხედვითაც სეზონის განახლების შემთხვევაში იმოქმედებენ, შეთანხმებას მიაღწიეს.

ESPN-ის ინფორმაციით, ზემოთ ხსენებულ დოკუმენტში ის წესები და რეგულაციებია გაწერილი, რომლებსაც სეზონის რესტარტის მესამე და მეოთხე ფაზაზე გამოიყენებენ. გეგმა კორონავირუსზე ტესტირების პროტოკოლს, საწვრთნელ კომპლექსში დისტანციის დაცვის მოთხოვნას და იზოლაციაში ცხოვრების წესებს მოიცავს. ამასთან ერთად, დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რა მოხდება Covid-19-ით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში და როგორ გაუმკლავდება NHL კორონავირუსის შემთხვევებს.

როგორც ირკვევა, მესამე ფაზა 13 ივლისს დაიწყება და სავარჯიშო კემპების გახსნას უკავშირდება. გუნდები ჯერ თავიანთ საწვრთნელ კომპლექსებში ივარჯიშებენ, შემდეგ კი, იმ ქალაქებში გაემართებიან, სადაც სეზონის ჩამთავრება იგეგმება. ESPN-ის მიხედვით, აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები ტორონტოში, ხოლო დასავლეთ კონფერენციის გუნდები - ედმონტონში ითამაშებენ.

26 ივლისიდან ტორონტოსა და ედმონტონში გუნდები დამატებით ვარჯიშებს გამართავენ და მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან, რომლის დროსაც რამდენიმე საჩვენებელ შეხვედრას ჩაატარებენ.

მეოთხე ფაზა უშუალოდ სეზონის განახლებას უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და პირდაპირ პლეიოფებს ვიხილავთ, რომელშიც 24 გუნდი ითამაშებს. თითოეული კონფერენციის საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი პირველ რაუნდში თამაშის უფლებას ავტომატურად მიიღებს. დანარჩენი 16 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის, რომელიც 1-ელ აგვისტოს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები