კიტეიშვილი მაქს კრუზეს შემცვლელად: ფენერი მილიონს იხდის
Aa
Aa

კიტეიშვილი მაქს კრუზეს შემცვლელად: ფენერი მილიონს იხდის

თურქული მედიის ცნობით ''ფენერბახჩეს'' ''შტურმის'' ქართველი ''ათიანი'' ოთარ კიტეიშვილი მაქს კრუზეს შემცვლელად სურს. Hurriyet-ის ცნობით თურქული კლუბი მზადაა ავსტრიულ მხარეს მოთამაშის სანაცვლოდ მილიონი ევრო გადაუხადოს.

მაქს კრუზე გერმანიის ეროვნული გუნდის ყოფილი წევრია. მას გერმანიის ბუნდესლიგაში ასპარეზობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. 2019 წლის ზაფხულში ''ფენერს'' შეუერთდა და კლუბს მიმდინარე თვეში დაემშვიდობა.

მილიონი ევრო კიტეიშვილთან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე განსაკუთრებულად დიდი თანხა ნამდვილად არაა. 2018 წლის ზაფხულში კიტეიშვილი თბილისის ''დინამოდან'' გრაცის ''შტურმში'' 760 ათას ევროდ გადავიდა. ავსტრიულ კლუბში გადასვლამდე კიტეიშვილს ეროვნულ გუნდში ადგილი დამკვიდრებული არ ჰქონდა, მისი საერთაშორისო გამოცდილება ევროტურნირებზე ჩატარებულ რამდენიმე მატჩსა და ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობას მოიცავდა. დღეს განსხვავებული ვითარებაა, კიტეიშვილი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ''შტურმის'' კრიზისის მიუხედავად ავსტრიის ბუნდესლიგის წამყვან მოთამაშეებში ფიგურირებს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ''შტურმის'' ხელმძღვანელებისთვის მილიონი ევრო მცირე თანხა იქნება და ''ფენერბახჩეს'' თანხის გაზრდა მოუწევს.

Hurriyet-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ''ფენერბახჩეს'' წარმომადგენლები არჩილ და შოთა არველაძეებს ესაუბრნენ, რომლებმაც კიტეიშვილი დადებითად დაახასიათეს.

თბილისის ''დინამოს'' ექს-ლიდერმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

''ფენერბახჩეს'' კაპიტანი 39 წლის ემრე ბელოზოღლუა, რომელსაც მილანის ''ინტერსა'' და ''ნიუკასლში'' უთამაშია. გუნდში კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშე, მიუნხენის ''ბაიერნის'' ექს-ნახევარმცველი ლუის გუსტავო ასპარეზობს. ამჟამად კლუბი სუპერლიგაში მეშვიდე ადგილზეა, თუმცა ევროსაგზურის მოპოვების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები