ლეგენდარული უეს ანსელდი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული უეს ანსელდი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ვაშინგტონ უიზარდსის“ ყოფილი კალათბურთელი, მთავარი მწვრთნელი და გენერალური მენეჯერი, უეს ანსელდი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანსელდის კარიერა 1968 წელს დაიწყო, როცა „ბალტიმორ ბულეთსმა“ იგი დრაფტზე მეორე ნომრად აირჩია. მან მთელი კარიერა „ვაშინგტონში“ (ბალტიმორი, კაპიტალი, ვაშინგტონი) გაატარა და 1968-69 წლების სეზონში წლის საუკეთესო ახალწვეული და რეგულარული სეზონის MVP გახდა. მაშინ იგი საშუალოდ 13.8 ქულასა და 18.2 მოხსნას აგროვებდა.

1978 წელს „ვაშინგტონი“ NBA-ის ჩემპიონი გახდა, ხოლო ანსელდი ფინალების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ანსელდი ყველა ვარსკვლავის მატჩის 5-გზის მონაწილეა და 1988 წელს ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო დიდების დარბაზის წევრი გახდა.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობა სცადა და 6 წლის განმავლობაში „ვაშინგტონ ბულეთსის“ თავკაცის პოსტს იკავებდა. ანსელდი კარიერაში საშუალოდ 10.8 ქულას, 14 მოხსნასა და 3.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „ვაშინგტონს“ მისი 41-ნომრიანი მაისური ხმარებიდან აქვს ამოღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები