ბითაძე: ''თუ სწორად ვითამაშებთ, ევრობასკეტზე ყველას დავამარცხებთ''
Aa
Aa

ბითაძე: ''თუ სწორად ვითამაშებთ, ევრობასკეტზე ყველას დავამარცხებთ''

''ინდიანას'' ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე NBA-ში სადებიუტო სეზონის შესახებ ტელეკომპანია ''იმედს'' ესაუბრა. ბითაძე თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მატჩებში მცირე სათამაშო დრო ეთმობოდა, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

''შენობაში ყოფნა მხოლოდ ოთხ ადამიანს შეუძლია. გუნდური ვარჯიშები არ ტარდება, ინდივიდუალურად ვემზადებით. პირველ ივნისს გვეცოდინება სეზონი განახლდება თუ გაუქმდება.

ფორმის შენარჩუნება თამაშის გარეშე ძალიან ძნელია, თუმცა დარბაზში მწვრთნელთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობდი კონდიციების შენარჩუნებას. ვფიქრობ ფორმა არ დამიკარგავს. ვნახოთ, როდემდე მომიწევს ასე ყოფნა, თუმცა იმედიანად ვარ, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს და ვითარება სასიკეთოდ იცვლება.

როცა ''ინდიანაში'' აღმოვჩნდი, ვიცოდი, რომ დიდი დროით თამაში არ მომიწევდა, რადგან ჩემს პოზიციაზე საკმაოდ სრულყოფილი მოთამაშეები არიან. მჭირდება ვარჯიში და გამოცდილება, რომ უფრო დიდი დრო გავატარო პარკეტზე ოფიციალურ შეხვედრებში.

ვფიქრობ მეტი შემიძლია და მეტი დრო მჭირდება, თუმცა იმ წუთებში, რა დროც მომეცა, მეტის გაკეთება შემეძლო.

მწვრთნელი ცდილობს თითოეული მატჩი ყველაფრის ფასად მოიგო. გამოდის, რომ მწვრთნელი არ მენდობა და აქცენტს მათზე აკეთებს, ვისაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 5 ან 6-წლიანი გამოცდილება აქვს. ყველაზე კარგი პერიოდი მაშინ მქონდა, როცა კონკურენტები პარკეტს ტრავმის გამო ჩამოშორდნენ.

მწვრთნელთან კარგი კომუნიკაცია მაქვს. თუ დარჩა, მჯერა დავუმტკიცებ, რომ უფრო მეტი შემიძლია.

მწვრთნელი სასტარტო ხუთეულს ენდობოდა და ეს ხუთეულიც ამართელებდა, მშვენიერი შედეგი აჩვენეს. აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონდა.

არ ვფიქრობ იმაზე, რომ კონკურენტი გაუშვან და მის ადგილზე მათამაშონ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ კონკურენტს ვაჯობო.

უკან რომ დავბრუნდე, არაფერს შევცვლიდი. შესანიშნავი შანსი მომეცა NBA-ში ვითამაშო და საქართველო წარმოვაჩინო. შესანიშნავია, როცა დიდ წინააღმდეგობას აწყდები, ეს დიდი გამოწვევაა.''

გოგა ბითაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებაც ისაუბრა: ''ხშირად მესმოდა, რომ რა გვეშველება, თაობა არ მოდის, თუმცა ბიჭებმა ანახეს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. სერბეთის ნაკრების დამარცხება ამის დასტურია, სერბეთი მსოფლიოში ხომ ერთ-ერთი საუკეთესო.

ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე რეგულარულად გადის. შეგვიძლია უფრო დიდი შედეგები დავდოთ. ევრობასკეტზე თბილისში ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია. თუ სწორად ვითამაშებთ, ყველას დავამარცხებთ. ქომაგის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები