„სიარული და სუნთქვა მიჭირდა“ - როჯერსმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ჰქონდა
Aa
Aa

„სიარული და სუნთქვა მიჭირდა“ - როჯერსმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ჰქონდა

„ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ აპრილში მას კორონავირუსი დაუდგინდა. პანდემიის გამო სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილებიდან ორი კვირის შემდეგ, „მელიების“ დამრიგებელი შეუძლოდ შეიქმნა და Covid-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

„ყველაზე უცნაური ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა იყო. წარმოიდგინეთ, სადილს მიირთმევთ, მაგრამ ვერაფერს გრძნობთ. ამას ორგანიზმის დასუსტება მოჰყვა. სიარული მიჭირდა და ზუსტად ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, როგორიც 2011 წელს, როცა კილიმანჯაროს მთა დავლაშქრე. რაც უფრო მაღლა ავდიოდი, სუნთქვა მით უფრო რთული გახლდათ და მაშინაც ყველაფერი ზუსტად ასე იყო. მახსოვს, ერთხელ, ვარჯიში ვცადე და დაახლოებით 8 მეტრის გარბენის შემდეგ, ძლივს ვსუნთქავდი.

ამ სიმპტომებს ძლიერი თავის ტკივილი დაემატა. იმ მომენტში არ ვიცოდი რა მჭირდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ერთადერთი, რასაც ამ ყველაფრის გამოწვევა შეეძლო, Covid-19 იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი მეუღლეც შეუძლოდ გახდა და მივხვდით, რომ კორონავირუსი გვქონდა. საბედნიეროდ ტესტები ჩავიტარეთ და 21 დღის შემდეგ, ანტისხეულები აღმოგვიჩინეს“.

როჯერსის თქმით, იგი Covid-19-სგან სრულად განიკურნა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. „ლესტერის“ თავკაცი აცხადებს, რომ საწვრთნელი ბაზა უსაფრთხო ადგილია და მას და მის გუნდს კვირაში ორი ტესტი უტარდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები