ოლას მორიგი მიმართვა - „გთხოვთ, ვარჯიშების განახლების უფლება მოგვცეთ
Aa
Aa

ოლას მორიგი მიმართვა - „გთხოვთ, ვარჯიშების განახლების უფლება მოგვცეთ"

„ლიონის“ პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ საფრანგეთის მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართა და ლიგა 1-ის სეზონის განახლება მოითხოვა. ლიონელთა პირველმა პირმა ამჯერად სოციალური ქსელი გამოიყენა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

„პრემიერ ლიგა 7 ივნისს განახლდება (ბატონ ოლას 17 ივნისი უნდა დაეწერა). მადამ მინისტრო, გთხოვთ, 2 ივნისიდან ვარჯიშების განახლების უფლება მოგვცეთ და ივლისიდან, 15 დღის შემდეგ, რაც ინგლისში და სხვა ქვეყნებში ფეხბურთი დაბრუნდება, დახურულ კარს მიღმა ვითამაშოთ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჟან-მიშელ ოლამ საფრანგეთის მთავრობას ღია წერილით მიმართა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო სპორტის მინისტრო, 2 ივნისიდან საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყება, რის შემდეგაც, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე იქნება საუბარი, რომელთა შორის დოღი და მომდევნო მუნიციპალური არჩევნებიცაა.

ჩვენ შეგვიძლია 2 ივნისი გამოვიყენოთ, როგორც დღე, როცა ფრანგულ ფეხბურთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის გამოსწორება და პროტოკოლის მიხედვით, ვარჯიშების განახლების თარიღის დადგენა შეგვეძლება. რატომ არ შეიძლება 2019-20 წლების სეზონი ივლისში ან აგვისტოში განახლდეს? როგორც ეს 21 აპრილს უეფამ შემოგვთავაზა და 14 მაისს ჩეფერინმა დაადასტურა“.

„ლიონის“ პრეზიდენტი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები