Aa Aa
27 მაისი 2020  |  09:56

NHL-ის გეგმა - 24-გუნდიანი პლეიოფი და საკვალიფიკაციო ეტაპი

NHL-ის ხელმძღვანელებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, სეზონის განახლების შემთხვევაში იმოქმედებენ. მიღებული გადაწყვეტილება ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა, გარი ბეტმენმა გაასაჯაროვა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა გატარებაც კორონავირუსის პანდემიის გამო გახდა აუცილებელი.

ყინულზე დაბრუნების შემთხვევაში, NHL-ის რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და პირდაპირ პლეიოფებს ვიხილავთ. პლეიოფებში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს, ხოლო დანარჩენი 7-სთვის სეზონი ოფიციალურად დასრულებულია.

თითოეული კონფერენციის საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი პირველ რაუნდში თამაშის უფლებას ავტომატურად მიიღებს. აღმოსავლეთ კონფერენციიდან „ბოსტონი“, „ტამპა ბეი“, „ვაშინგტონი“ და „ფილადელფია“, ხოლო დასავლეთიდან „სენტ ლუის“, „კოლორადო“, „ვეგასი“ და „დალასი“.

დანარჩენი 16 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის და ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძოლებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ სერიაში გასამარჯვებლად 3 მატჩის მოგება იქნება საჭირო, ხოლო პარალელურად თითოეული კონფერენციის საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი მინი-ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რათა გაირკვეს პლეიოფში რომელ მათგანს რა განთესვა ექნება.

საკვალიფიკაციო ეტაპზე აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები ასე დაწყვილდებიან: „პიტსბურგი“ – „მონრეალი“, „კაროლინა“ – „ნიუ იორკ რეინჯერსი“, „ნიუ იორკ აილენდერსი“ – „ფლორიდა“, და „ტორონტო“ – „კოლამბუსი“. დასავლეთ კონფერენციაში კი, ასეთი სურათი გვექნება: „ედმონტონი“ – „ჩიკაგო“, „ნეშვილი“ – „არიზონა“, „ვანკუვერი“ – „მინესოტა“, „კალგარი“ – „ვინიპეგი“.

აღსანიშნავია, რომ პლეიოფები ორ ლოკაციაზე გაიმართება, თუმცა სეზონის განახლების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. უნდა ვთქვათ ისიც, რომ კონფერენციის საუკეთესო გუნდების გამოვლენა და საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეთა განთესვა შესაძლო ქულებიდან მოპოვებული ქულების პროცენტის მიხედვით მოხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი