Aa
Aa

ტრავმებით გატანჯული კოშტა: "ნათამაშებ მატჩზე მეტი, მგონი, სკანირება მაქვს"

ტურინის „იუვენტუსის“ ვინგერმა, დუგლას კოშტამ განაცხადა, რომ ხშირი ტრავმიანობის გამო კარიერის დასრულებას განიხილავდა.

„არის მომენტები, როცა ვფიქრობ: „თამაში კიდევ შემიძლია“? ასეთი აზრები იმიტომ მიტრიალებს, რომ გავდივარ მოედანზე და ისევ ტრავმას ვიღებ. შემდეგ, როცა ფეხბურთს ტელევიზორით ვუყურებ, ჩემში უდიდესი ვნება იღვიძებს და მახსენდება, რომ მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია.

სწორედ ეს ვნებაა, რაც მაცოცხლებს. ვიცი, რომ ფეხბურთი ჩემთვის მარტივია და მას ფულთან ან ცნობადობასთან საერთო არაფერი აქვს, ეს ის საქმეა, რამაც სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. ეს ჩემი აზრია. ალექს სანდროსთან ვხუმრობ ხოლმე, რომ უფრო მეტი სკანირება მაქვს, ვიდრე მატჩი ნათამაშები“.

29 წლის ბრაზილიელი ასევე ამბობს, რომ ამდენი უიღბლობის შემდეგ მენტალური მწვრთნელიც კი დაიქირავა.

„ხალხი ამბობს: „დუგლასს აქვს პოტენციალი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, მაგრამ ამაში ხელს ტრავმები უშლის“, ეს ფრაზა მაღიზიანებს. მაქვს პოტენციალი, რომ საუკეთესო ვიყო, მაგრამ ეს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ასე არაა და არაფრის შეცვლა შემიძლია.

ყოველ ჯერზე, როცა ტრავმას ვიღებ, საკუთარ თავს ვეკითხები: „რა გავაკეთე არასწორად? რატომ არ შემიძლია სტაბილურად ვითამაშო?“. ეს ყველაფერი გულს ძალიან მტკენს. დასახმარებლად მენტალური მწვრთნელიც ავიყვანე. ისინი ფსიქოლოგები არ არიან, თუმცა გიჩვენებენ, როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია შენზე ბავშვობის ნებისმიერ ფაქტს“.

კოშტა ამჟამად „იუვენტუსთან“ ერთად სერია A-ს განახლებისთვის ემზადება. იტალიის ჩემპიონატის დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, თუმცა ეს დაახლოებით 20-25 დღეში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები