„საფეხბურთო კი არა, სარაგბო კლუბია“ - ვენგერს სტოკთან სტუმრად თამაში ეზიზღებოდა
Aa
Aa

„საფეხბურთო კი არა, სარაგბო კლუბია“ - ვენგერს სტოკთან სტუმრად თამაში ეზიზღებოდა

არსენ ვენგერის „არსენალს“ „სტოკის“ სტუმრად დამარცხება ყოველთვის უჭირდა. ფრანგი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი გუნდი პრემიერ ლიგის ეგიდით „სტოკთან“ გასვლაზე 5-ჯერ, ხოლო ასოციაციის თასზე ერთხელ დამარცხდა.

ვენგერს „სტოკის“ სათამაშო სტილი არასდროს მოსწონდა და ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, მას სარაგბო კლუბი უწოდა. მიზეზი მარტივია. „სტოკი“ ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა და გრძელ პასებს აქტიურად იყენებდა.

ვენგერის დამოკიდებულება „სტოკის“ ექს-თავკაცს, ტონი პულისს კარგად ახსოვს და პიტერ კრაუჩის პოდკასტში საუბრისას ფრანგი სპეციალისტის უცნაური ქმედებები გაიხსენა.

„ვენგერმა პირველად სარაგბო კლუბი მაშინ გვიწოდა, როცა მისი გაწვრთნილი არსენალი საკუთარ კედლებში მესამედ დავამარცხეთ. ის ყველაფერს აკეთებდა, რათა თავი აერიდებინა კითხვებისთვის, თუ როგორ აგებს არსენალი კლუბთან, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე მასზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, სუპერვარსკვლავები არ ჰყავს და არც არსენალის მსგავსი შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა აქვს.

ერთხელ, პატრიკ ვიეირამ მითხრა: „სტოკთან სტუმრად თამაში გვეზიზღებოდა. ერთადერთი კლუბი ხართ, რომლის შესახებაც ვენგერი საუბრობდა და მატჩებამდე აქტიურად მუშაობდა“.

იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი შეხვედრის წინ, ვენგერმა განაცხადა, რომ ჩვენს სტადიონზე ბალახი ზედმეტად გრძელი იყო. მან ამის შესახებ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური წერილი მისწერა და მატჩის დაწყებამდე მსაჯთა ბრიგადას ბალახის სიგრძის გაზომვა მოუწია. მახსოვს, აუტების აკრძალვაც უნდოდა და ამბობდა, რომ მათი ჩაწოდების უფლება არ უნდა მიგვეღო. როგორც იცით, რორი დელაპი აუტებს შორს აწვდიდა, რაც არსენალისა და სხვა გუნდების წინააღმდეგ ძლიერი იარაღი გახლდათ“.

შეგახსენებთ, რომ პულისი „სტოკის“ თავკაცი 2002-დან 2005 წლამდე და 2006-დან 2013 წლამდე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები