ქართველი სპორტსმენები ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობენ
Aa
Aa

ქართველი სპორტსმენები ვარჯიშს თვითიზოლაციაში განაგრძობენ

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ქართველი ოლიმპიელები ითვალისწინებენ პანდემიის გამო გამოწვეულ შეზღუდვებს და სპორტული ფორმის შენარჩუნებას სახლის პირობებში აგრძლებენ.

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) „პანდემიის პირობებში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის ეს დრო, შეიძლება ითქვას, ხელსაყრელი აღმოჩნდა ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე. წელიწადნახევარია მაწუხებდა ხელის ტრავმა, ამ პერიოდში გავიკეთე ოპერაცია. რაც შეეხება სპორტულ ფორმას, უახლოეს მომავალში შევძლებ დავიწყო სრულად ვარჯიში.ერთი წელია დარჩენილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე. მანამდე იქნება შეჯიბრები, რისთვისაც ვემზადები.“

ესკერხან მადიევი (კრივი) „რა თქმა უნდა, პანდემია ყველასთვის რთული აღმოჩნდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, პანდემიის პირობებში ცხოვრება კიდევ უფრო რთულია. მე ყველანაირად ვცდილობ ვივარჯიშო და შევინარჩუნო ჩემი სპორტული ფორმა სახლის პირობებში.როგორც უკვე ვთქვი, ჩემი პირველი პრიორიტეტია სპორტული ფორმის შენარჩუნება.ჩემი გეგმაა მთელი ჩემი პოტენციალის გამოყენება და ინტენსიური ვარჯიში იმისთვის, რომ მზად ვიყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის.“

ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო) „როგორ ვცხოვრობ? ჩვეულებრივად. ალბათ, როგორც ყველა, სახლის პირობებში ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ ჩემით, მაგრამ რაღაც უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. არ მგონია, ახლა რომელიმე სპორტსმენი კმაყოფილი იყოს თავისი თავით ან შეძლოს ისეთი ხარისხით ვარჯიში, რომ ამ ნავარჯიშევით უკვე ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ან მსგავსზე იფიქრო. არ არის ფიზიკურად საშუალება დღეს ქვეყანაში, რომ ადგე და კარგად ივარჯიშო. ეს დროებითია და ალბათ დალაგდება რაღაცეები და უკვე მალე შევძლებთ სპორტსმენები ჩვეულ ფორმაში ჩავდგეთ და დავიწყოთ მზადება ოლიმპიადისთვის.როგორც აქამდე ვიყავით, ისეთ რიტმში არა მგონია რომელიმე წამყვანი სპორტსმენი იყოს ახლა სპორტულ ფორმაში. ისეთი დროა, კარგი არაფერი ისმის. როცა ყოველდღე ისმენ, რომ ამ დაავადების გამო მსოფლიოში ათასობით ადამიანი იღუპება, ცოტა რთულია და შეუძლებელიც კი, შენ ამას ყურადღება არ მიაქციო, გადაერთო და ივარჯიშო შენით.ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ისევ იგივე გეგმა მაქვს, რომ ჩავიდე და შევძლო მოვიგო ოქროს მედალი, ან ავიღო ნებისმიერი სინჯის მედალი. მიზანი ეგ არის. ვნახოთ, აბა, როგორ გამართლდება ჩემი მიზნები.“

სახილ ალახვერდოვი (კრივი) „ამ პირობებში რთულია ცხოვრება, განსაკუთრებით სპორტსმენისთვის. გვიწევს სახლის პირობებში ვარჯიში და მიჭირს ისეთ სპორტულ ფორმაში ყოფნა, რომელსაც საწვრთნელი შეკრებების დროს ვაღწევ ხოლმე. ასევე რთულია მეგობრების გარემოცვის და აქტიური ცხოვრების გარეშე ყოფნაც.რთულია ფორმის შენარჩუნება ასეთ პირობებში, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ არ მოვდუნდე, ვმუშაობ საკუთარ თავთან. ვცდილობ ფიზიკურად მზად შევხვდე საწვრთნელი პროცესების განახლებას. საბოლოო ჯამში, არ ვკარგავ სპორტულ ფორმასა და ტონუსს.პირველ რიგში, მინდა საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო ტოკიოში და შევეცდები ყველაფერი გავაკეთო ჩემპიონობისთვის, რაც კი შემეძლება. მანამდე კი მთავარია ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შევხვდე.“

ლაშა ბექაური ( ძიუდო ) „პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი რომ დარბაზში ვარჯიში არ შემიძლია და სხვა მეთოდებით მიწევს სახლში ფორმის შენარჩუნება. მართალია ტატამზე ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ ვცდილობ ეს დანაკარგი სხვა ვარჯიშებით ავინაზღაურო. იმ სავარჯიშოების საშუალებით, რომლებიც სახლში მაქვს. ოლიმპიურ თამაშებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მთელი გულით ვეცდები, რომ ჯერ ლიცენზია მოვიპოვო, ტოკიოში კი ჩემპიონი გავხდე და ჩემი სამშობლოს ჰიმნი მსოფლიოს მოვასმენინო.“

გიორგი ხარაბაძე (კრივი) „ვემორჩილები პანდემიის წესებს, ვრჩები სახლში. რაც შეეხება სირთულეებს, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.მაქსიმალურად ვცდილობ სპორტული ფორმის შენარჩუნებას.შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ სახლის პირობებში, რომ ოლიმპიადაზე დავდო შედეგი.“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები