დუდუ დადიანი - გამორჩეული კალათბურთელი 51 წლის გახდებოდა
Aa
Aa
19 მაისი 2020  |  11:36

დუდუ დადიანი - გამორჩეული კალათბურთელი 51 წლის გახდებოდა

გამორჩეული კალათბურთელი დავით (დუდუ) დადიანი 1969 წლის 19 მაისს თბილისში დაიბადა.

შეგახსენებთ , რომ 2002 წლის 22 იანვარის დილას, სამსახურში მიმავალ დუდუს კალათბურთის ფედერაციაში ამავალ კიბეზე ესროლეს. მან 90-იან წლებში ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა და 13 ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

დუდუ ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული. ცხრა წლის იყო, როცა ძმამ პირველ საკალათბურთო მატჩზე წაიყვანა და მაშინვე ამ თამაშის მოტრფიალე გახდა. მისი პირველი მწვრთნელი მიხეილ ზახალინი გახლდათ, რომელმაც ოქროსკულულებიან ბიჭს კალათბურთის ნიჭი მაშინვე შეამჩნია და ოჯახს ბავშვის სპეციალიზებულ სკოლაში გადაყვანა ურჩია. დუდუს საკალათბურთო კარიერა კლუბ “მართვეში” დაიწყო. 1984 წელს, 15 წლის ბიჭი თბილისის 58-ე სპორტულ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც კალათბურთის გაკვეთილები სასწავლო პროგრამაში შედიოდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა საქართველოს საუკეთესო საკალათბურთო კლუბ “დინამოში” გადავიდა.

სკოლის დამთავრებისთანავე, ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ჩააბარა და პროფესიონალ კალათბურთელად ჩამოყალიბდა.1992 წელს დუდუ დადიანი “ვითაში” გადავიდა, რომელმაც იმ წელს საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა. 1995 წელს დუდუ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და “ვითას” კაპიტანი გახდა.

დუდუ დადიანმა აქტიურ სპორტს თავი 1999 წელს, 30 წლის ასაკში დაანება და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ბავშვთა კალათბურთის პროგრამების ხელშეწყობის პროექტი განახორციელა. 2002 წლის საბედისწერო დღეს, 22 იანვარსაც სპორტის დეპარტამენტში მივიდა, რომ კალათბურთის ფედერაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჩაეტარებინა.

ტრაგედია შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით 11 საათსა და 50 წუთზე მოხდა. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დეპარტამენტის შენობაში ესროლეს. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი დუდუ დადიანი სასწრაფო დახმარების მანქანით მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მაშინ ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.

დუდუს ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ “დუდუ დადიანის თასი” დააწესა. ქართველმა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ დუდუს ქანდაკება შექმნა, რომელშიც დუდუ თავისი უცვლელი, 13-ნომრიანი მაისურითაა გამოსახული. სპორტული ჯილდოები, რომლებიც ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო დადიანის შთამომავალმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დაიმსახურა, დადიანების სახლ-მუზეუმს გადაეცა.

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები